ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი 17 იანვარს რუსეთში ჩავა - იუწყებიან ირანის და რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები 26 დეკემბერს.
ირანის სააგენტო Tasnim-ი მოსკოვში ირანის ელჩის, კაზემ ჯალალის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ "პრეზიდენტი რუსეთს ეწვევა 17 იანვარს და მისი ვიზიტის დროს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერება ხელი".
რუსეთსაც და ირანსაც მკაცრი ფინანსური სანქციები აქვთ დაწესებული დასავლეთის ქვეყნების მხრიდან და ბოლო წლებში ბევრ ფრონტზე გააძლიერეს ორმხრივი თანამშრომლობა.
დასავლეთი ირანს ბრალს სდებს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად. თეირანი ბრალდებას უარყოფს, მიუხედავად ბევრი მტკიცებულებისა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს ირანული წარმოების დრონებს.