დღეს, 27 დეკემბერს, დილით რუსეთში მუშაობა შეაჩერა რამდენიმე აეროპორტმა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ, „როსავიაციამ“, გადაწყვეტილება ზოგადი მიზეზით, „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფით“ ახსნა.
როგორც წესი, რუსეთი აეროპორტების მუშაობას აჩერებს უკრაინის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის ან შეტევის საფრთხის დროს.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, დილიდან თვითმფრინავების მიღება და გამგზავრება დროებით შეწყვიტეს ვოლგოგრადის, ასტრახანის, სოჭისა და ყაზანის აეროპორტებმა.
ტელეგრამ-არხი Baza ირწმუნება, რომ დროებით დაიკეტა სამარის, გროზნოს და მაჰაჩყალის აეროპორტებიც.
26 დეკემბერს, რამდენიმე საათით დახურული იყო მოსკოვის შერემეტიევოს, დომოდედოვოს, ვნუკოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებიც.