მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმაც მიულოცა.
მისალოცი წერილი, რომელიც 14 დეკემბრით - საარჩევნო კოლეგიის მიერ მისი არჩევის დღით - თარიღდება, თურქეთის საელჩომ 20 დეკემბერს გადასცა საგარეო საქმეთა სამინისტროს. წერილი 25 დეკემბერს გამოაქვეყნა „ინტერპრესნიუსმა“.
„პატივცემულო არჩეულო პრეზიდენტო, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, რომელთანაც ახლო მეზობლობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ასევე გისურვებთ წარმატებებს ამ საპატიო მოვალეობის შესრულებაში.
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი უფლებამოსილების ვადაში კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და მჭიდრო თანამშრომლობას, რაც თანხვედრაშია ჩვენს საერთო ინტერესებთან და ემსახურება რეგიონში კეთილდღეობის უზრუნველყოფას.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით, რათა კვლავ გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები, თქვენს აღმატებულებას ვუსურვო ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, ხოლო საქართველოს, მეგობარ ხალხს - აღორძინება და ბედნიერება“, - სწერს ერდოანი ყაველაშვილს.
ამ დრომდე, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილმა საჯარო მილოცვები ჯერ მხოლოდ ოთხი ქვეყნისგან მიიღო. ეს ქვეყნებია:
აზერბაიჯანი;სომხეთი;ბელარუსი;სერბეთი.
2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველ არაპირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში, - რომლის ლეგიტიმურობას მოქმედი პრეზიდენტი და სამართლის ექსპერტების დიდი ნაწილი არ ცნობს,- „ქართული ოცნების“ საარჩევნო კოლეგიამ კენჭი ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს, უყარა.
„აქ ვარ და აქ ვრჩები“, - თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა წინა საღამოს და მეექვსე პრეზიდენტად ყაველაშვილის არჩევას „პროვოკაცია“ და „პაროდია“ უწოდა.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და კონსტიტუციონალისტების ნაწილი ამბობენ, რომ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დგას იმდენად, რამდენადაც ეჭვქვეშ დგას ლეგიტიმაცია პარლამენტისა, რომლის წევრებმაც მიიღეს მის არჩევაში მონაწილეობა.
„ქართულ ოცნებას“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს:
სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა;აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა;უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა;თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა;ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა;ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ძიანმა;„ქართული ოცნების“ „ვარსკვლავურ გამარჯვებაზე“ ისაუბრა ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, - რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს.„ქართული ოცნების“ გამარჯვებას მიესალმნენ ასევე რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირები.