კოსოვოს ეთნიკური სერბების ყველაზე დიდი პარტიის პრეზიდენტმა 24 დეკემბერს განაცხადა, რომ გაასაჩივრებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლითაც პარტიას აეკრძალა 9 თებერვლის არჩევნებში მონაწილეობა, ბელგრადთან ახლო კავშირების გამო.
ზლატან ელეკმა პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ გაუქმდება მისი პარტიის, "სერბთა სიის" შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ელეკმა მკაცრი სიტყვებით მოიხსენია კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი და თქვა, რომ მას ამ პარტიის არჩევნებიდან გაქრობა სურს.
"ეს არის ინსტიტუციური და იურიდიული ძალადობა სერბი ხალხის წინააღმდეგ, "სერბთა სიის" წინააღმდეგ - რადგან კურტის არ სურს იხილოს "სერბთა სიის" დეპუტატები კოსოვოს პარლამენტში, მას ამ პარლამენტში მორჩილი სერბების ხილვა უნდა", - თქვა ელეკმა.
საარჩევნო კომისიამ 23 დეკემბერს გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება, არჩევნებზე არ დაეშვა "სერბთა სია". კომისიამ ამ გადაწყვეტილების მიზეზად მოიტანა პარტიის ნაციონალისტური ორიენტაცია და ახლო კავშირები სერბეთთან.