აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო და შეერთებული შტატების საელჩო აზერბაიჯანში აგრძელებენ სოციალურ ქსელებში დაპირისპირებას.
„ამ ბოლო დროს გახშირდა სკოლის ეზოს „მჩაგვრელების“ [„ბულიების“] მსგავსი ლექსიკა მოგონილი „ამერიკელი ბუების“ [ბუა - მოჩვენებითი არსება] წინააღმდეგ“, - წერს აშშ-ის საელჩო აზერბაიჯანში და პროსახელისუფლებო ტელევიზია AZTV-ს აკრიტიკებს.
„ამ თვეში ამით გამოირჩეოდა AZTV-ის გადაცემა „კვირა“ (Hefta), სადაც ლიდერობდა სიტყვები „ღია შანტაჟი“ და „ლაჩრობა“. „[ყურადღების გადატანის] მშვენიერი მცდელობაა! მაგრამ ეს ვერ გადაგვატანინებს ყურადღებას იმ ფაქტიდან, რომ აზერბაიჯანში 300-ზე მეტი პოლიტპატიმარი უსუსური ბრალდებების გამო ზის ციხეში და არდადეგების ოჯახებისგან მოშორებით გატარება უწევს“, - დაწერა საელჩომ 23 დეკემბერს.
„მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი - ბაქოში აშშ-ის საელჩოს ეს და წინა პროვოკაციული კომენტარები ამერიკული მხარის მიერ, რომელიც თავს გამოხატვის თავისუფლების მცველად წარმოაჩენს, მედიის თავისუფლების მიმართ შეუწყნარებლობა - გასაოცარია“, - ასე უპასუხა საელჩოს კრიტიკას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აიხან ჰაჯიზადამ.
„როგორც ჩანს, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ყველანაირად ცდილობს, ზიანი მიაყენოს აშშ-ის საგარეო ურთიერთობებს, განსაკუთრებით აზერბაიჯანთან და რაღაც წარმოსახვით და მითურ პრეტენზიებზე სვამს აქცენტს“, - დაწერა საგარეო უწყების სპიკერმა X-ზე.
ამ განცხადებებს წინ უძღოდა აშშ-ის მიერ აზერბაიჯანის კრიტიკა და ბაქოს მიერ კრიტიკის მიუღებლობა.
აშშ-ის საელჩო 19 დეკემბერს გამოეხმაურა აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო ტელევიზიაში, AZTV-ში, გასულ სიუჟეტს სათაურით: „ვაშინგტონის „მშიშრული დიპლომატია“ ბაქოს წინააღმდეგ“.
„ფაქტია, რომ 2023 წლის ნოემბრის შემდეგ 30-ზე მეტი ჟურნალისტი და ბლოგერი დააკავეს. „მშიშრულია“, რომ ვიკითხოთ, რატომ? თუ აზერბაიჯანული საზოგადოების ამ ფაქტისგან ყურადღების გადატანის მცდელობაა „მშიშრული“ საქციელი?" - წერს საელჩო.
„საერთაშორისო კრიტიკა ხელისუფლების მიმართ, მის მიერ თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნის გამო, ერთადერთი რამის შედეგია: ხელისუფლების მიერ თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნის“, - დაწერა საელჩომ პლატფორმა X-ზე.
აშშ-ის გარდა, აზერბაიჯანს დაძაბული ურთიერთობა აქვს საფრანგეთთან. რუსეთის სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში ილჰამ ალიევმა, აშშ-ის გარდა, საფრანგეთიც გააკრიტიკა და მას „არშემდგარი სახელმწიფო“ უწოდა.
ამაზე პასუხად საფრანგეთის ელჩმა აზერბაიჯანში, ან ბუაიონმა დაწერა:
„წელს ისევ იზრდება საფრანგეთის საელჩოში შესული სავიზო განაცხადების რაოდენობა. ნეტავ საიდან ჩნდება ამხელა ინტერესი არშემდგარი სახელმწიფოების მიმართ?“
ორი კვირის წინ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ბოლო პერიოდში დაპატიმრებული ჟურნალისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები.
კრიტიკაზე პასუხად, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „კარგადაა ცნობილი, რომ ენტონი ბლინკენის ორმაგმა სტანდარტებმა ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მოახდინა სამხრეთ კავკასიაში შეერთებული შტატების პოლიტიკის პარალიზება“.
ადამიანის უფლებადამცველთა და დამკვირვებელთა თქმით, 2024 წლის ბოლოს COP29-ის - გაეროს „ბაქოს კლიმატის კონფერენციის“ - შემდეგ პერიოდში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაააქტიურა შემორჩენილი დამოუკიდებელი ხმების ჩახშობის კამპანია.
პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელმაც ქვეყნის მართვა მამისგან, ჰეიდარ ალიევისგან 2004 წელს გადაიბარა, დასავლეთის კრიტიკას სათვალავში არ იღებს.
18 დეკემბერს რუსეთის სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში ილჰამ ალიევმა განაცხადა: „აზერბაიჯანული მედია არ შეიძლება ფინანსდებოდეს უცხოური წყაროდან არცერთი პროცენტით. არ შეიძლება. რატომ? ჩვენ ხომ არ ვაფინანსებთ მედიას აშშ-ში? მათ რატომ უნდა დააფინანსონ ჩვენი მედია?“