რუსეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა რეგიონებისა და ტერიტორიების ჩამონათვალი, სადაც 2025 წლის 1 იანვრიდან 2031 წლის 15 მარტამდე, ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო აიკრძალება ან შეიზღუდება კრიპტოვალუტის წარმოება, მაინინგი. ამ ცნობას მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ავრცელებს სააგენტო TASS-ი.
ამ რეგიონების უმრავლესობა მოდის ჩრდილოეთ კავკასიაზე. აკრძალვა იმოქმედებს დაღესტანში, ინგუშეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ჩრდილოეთ ოსეთში, ჩეჩნეთში. აკრძალვა ასევე ვრცელდება უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში.
მაინინგი აიკრძალება ასევე ირკუტსკის ოლქის, ბურიატიის და იმიერბაიკალეთის გარკვეულ არეალებში - თუმცა დროებით, ელექტროენერგიის მოხმარების პიკის დროს.
"ამგვარი შეზღუდვების ამოცანაა ენერგომოხმარების ბალანსის შენარჩუნება მრეწველობის მოთხოვნების გათვალისწინებით", - წერს TASS-ი მთავრობაზე დაყრდნობით.
დაღესტანში ელექტროენერგიის მიწოდებაში პრობლემები რეგულარულად იჩენს ხოლმე თავს, რაშიც ჩინოვნიკები კრიპტოფერმების მფლობელებს ადანაშაულებენ. საერთო ჯამში, ჩრდილოეთ კავკასიიდან იუწყებოდნენ მაინინგ-ფერმების მხრიდან ელექტროენერგიის გაუთვალისწინებელი გამოყენების 35 შემთხვევაზე, რამაც გადააჭარბა 230 მილიონ რუბლს (დაახლოებით 2 მილიონი დოლარი).
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოქტომბერში მოაწერა ხელი ციფრული ვალუტის ცირკულირების რეგულირების კანონს. დოკუმენტი მათ შორის ხელისუფლებას ანიჭებს ცალკეულ რეგიონებში მაინინგის აკრძალვის უფლებამოსილებას.
რუსეთში 1 ნოემბრიდან მოქმედებს კრიპტოვალუტის მაინინგის ლეგალიზაციის კანონი, რომელიც აწესებს დაურეგისტრირებელი მაინერებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ზღვარს.
მაინინგის ბაზრის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ მკაცრი შეზღუდვების შემოტანამ შესაძლოა კანონიერი მაინერების ნაცრისფერ სექტორში გადასვლა გამოიწვიოს.