მედიასაშუალება Meduza აქვეყნებს ვრცელ სტატიას იმ სტრატეგიაზე, რომლითაც რუსეთის ხელისუფლება ეკიდება ვიდეოსერვის YouTube-ს - გავრცელებული ცნობების ფონზე, რომ ქვეყანაში სერვისის მუშაობა ისევ შენელდა. ამ სტატიის თანახმად, ხელისუფლების მთავარი მიზანია, ხელისუფლების ერთგული და აპოლიტიკური ბლოგერების გადაყვანა ალტერნატიულ, რუსულ სივრცეებში, უწინარესად პლატფორმაზე VK-ზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახლახან განაცხადა, რომ YouTube-ის მიმართ პრეტენზიები გამართლებულია, რადგან მისი მფლობელი კომპანია Google არ იცავს რუსეთის კანონმდებლობას. რუსეთიდან იუწყებიან, რომ ბოლო დღეებში ვიდეოსერვისი კიდევ უფრო ცუდად მუშაობს, იმის მიუხედავად, რომ ის ოფიციალურად დაბლოკილი არ არის, Instagram-ისა და Facebook-სგან განსხვავებით.
Meduza პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ ბლოგერებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთში არ მოელიან YouTube-ის უწინდელი მუშაობის აღდგენას, რადგან "ალტერნატიული სივრცეებისთვის უკვე ძალიან ბევრი ფულია დახარჯული".
Meduza-ის ცნობით, YouTube-ის ვიდეოსერვისის მუშაობას რუსეთის ხელისუფლება ზღუდავს "როსკომნადზორის" ხელთარსებული ტექნიკური საშუალებებით, ხოლო ეს უწყება უშუალოდ კრემლის ბრძანებებს ასრულებს.