ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი, რომელიც უფლებამოსილების შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან შეუდგება, პანამის არხზე კონტროლის აღდგენით იმუქრება. პანამის პრეზიდენტის რეაქციას ტრამპმა ირონიულად უპასუხა.
22 დეკემბერს, არიზონის შტატში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა პანამის არხით ამერიკული გემების მიმოსვლის მაღალი ტარიფების გამო, რასაც „უსამართლო“ უწოდა და განაცხადა, რომ „ქვეყნის სრული ძარცვა დაუყოვნებლივ შეწყდება“.
მანამდე დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ პანამის არხი აშშ-ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ქონებაა და მის უსაფრთხოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ვაჭრობისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის სწრაფად მოქმედებისთვის.
ტრამპის თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც პანამის არხის უმსხვილესი მომხმარებელია, 110 წლის წინ გახსნილი არხის მშენებლობისთვის დიდი ადამიანური მსხვერპლი და დიდი თანხა გაიღო, პრეზიდენტმა კარტერმა კი „სისულელე“ ჩაიდინა და არხი პანამას „ერთ დოლარად მისცა“.
ტრამპის განცხადებით, არხი უნდა ემართა პანამას და არა ჩინეთს, ან ვინმე სხვას, ამიტომ არ დაუშვებენ, რომ არხი უცხო ხელში აღმოჩნდეს.
დონალდ ტრამპის პასუხად პანამის პრეზიდენტმა ხოსე რაულ მულინომ განაცხადა, რომ არხის თითოეული კვადრატული მეტრი და მისი მიმდებარე ტერიტორია პანამას ეკუთვნის და ქვეყნის საკუთრებად დარჩება, ტარიფები კი დადგენილია საბაზრო პირობების და არხის მომსახურებისთვის საჭირო ხარჯების მიხედვით.
პანამის პრეზიდენტის თანახმად, არხს არც პირდაპირ და არც ირიბად არ აკონტროლებს არც ჩინეთი, არც ევროკავშირი, არც აშშ და არც სხვა რომელიმე ქვეყანა. პრეზიდენტმა მულინომ ხაზი გაუსვა, რომ პანამის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა განხილვის საგანი ვერ იქნება.
პანამის პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა: „ვნახოთ“ და გამოაქვეყნა არხის ფოტო აშშ-ის დროშის ფონზე, სიტყვებით: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აშშ-ის არხში“.
აშშ პანამის არხს 1999 წლის ბოლომდე აკონტროლებდა. 2000 წლიდან კონტროლი პანამას გადაეცა აშშ-ის პრეზიდენტ კარტერის და პანამის ლიდერ ტორიხოსის მიერ 1977 წელს, ვაშინგტონში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე.
პანამის ტერიტორიაზე მდებარე არხი ერთმანეთთან აკავშირებს წყნარ და ატლანტის ოკეანეებს.