რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში 22 დეკემბერს მოლაპარაკებები გამართა სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოსთან, ერთ-ერთ იმ რამდენიმე ევროპელ ლიდერთან, რომელთანაც პუტინი ინარჩუნებს კავშირებს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო თითქმის სამი წლის წინ.
ფიცო რუსეთში "სამუშაო ვიზიტით" ჩავიდა და პირადად შეხვდა პუტინს, განუცხადა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს. პესკოვის თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა "საერთაშორისო ვითარებაზე" და, სავარაუდოდ, რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებაზეც.
მიხალ სიმეცკამ, პროგრესული სლოვაკეთის ლიდერმა, ფიცოს მოგზაურობა პუტინთან შესახვედრად შეაფასა, როგორც "სლოვაკეთის სირცხვილი და ეროვნული ინტერესების ღალატი".
მანამდე, სლოვაკეთის პრემიერმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მალე ესტუმრებოდა მოსკოვს, სლოვაკეთისთვის რუსული გაზის მიწოდების განსახილველად იმასთან დაკავშირებით, რომ 1 იანვარს უკრაინა გაზის ტრანზიტის შეწყვეტას აპირებს.
ეს სლოვაკეთის ლიდერის პირველი ვიზიტია მოსკოვში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
2022 წლის თებერვლის შემდეგ, დასავლელი პოლიტიკოსები, მითუმეტეს ქვეყნების ხელმძღვანელები, რუსეთს უკიდურესად იშვიათად სტუმრობენ. მოსკოვში ბოლო სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდა მხოლოდ ნეიტრალური ავსტრიის კანცლერი და ფიცოს პოლიტიკური მოკავშირე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი.