საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანსა და მის დელეგაციას არ აქვთ შესაბამისი მანდატი და უფლება, რომ “არაღიარებულ ხელისუფლებასთან” ერთად "დანიშნონ" კომისია "აგენტების კანონთან" დაკავშირებით. ამის შესახებ მან დღეს, 20 დეკემბერს, ალენ ბერსესთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს მოვალეობაა, ისაუბროს ხალხის მიმართ ძალადობასა და მათი უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვაზე.
„მე ნათლად ავუხსენი გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომ მათი არც მანდატი, არც მოვალეობა და არც უფლება არ არის, დანიშნონ რაღაც კომისია ჯერ არავისგან არაღიარებულ ხელისუფლებასთან, მით უმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ რუსული კანონი.
ვის რაღაში აინტერესებს რუსული კანონის შეცვლა თუ არშეცვლა. ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისი, თუ როგორ იტყუება ეს ხელისუფლება წლების განმავლობაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, შესაძლოა ხელისუფლებამ „ვიღაც მოხიბლოს“ ამ საკითხით, თუმცა „ვერ მოხიბლავენ ვერც ქართველ ხალხს და ვერც პარტნიორებს“, რადგან ზურაბიშვილის განმარტებით, პარტნიორებს კარგად ესმით საქართველოში არსებული დღევანდელი მდგომარეობა.
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე 18 დეკემბრიდანაა საქართველოში. სამდღიანი ოფიციალური ვიზიტისას ის შეხვდა ხელისუფლების, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს. ბერსეს შეხვედრა ჰქონდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთანაც და ორჯერ შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.
20 დეკემბერს ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, ბერსემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეთანხმდნენ, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პასუხად განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა ასეთი დისკუსიებისთვის, თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა „დაუმტკიცონ“ კანონის ხარვეზები. „იქნებ იდეალური კანონია, მაინც შევცვალოთ?“ - თქვა მან.
ბერსეს ამ განცხადებას აკრიტიკებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ ბერსეს გაჟღერებულ ინიციატივას არ ემხრობა და „შარლ მიშელი 2 არ იქნება“. ბერსეს განცხადება გააკრიტიკა „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამაც.