საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არ გეგმავს საქართველოს დატოვებას და არ სურს, იხილოს წინადადებები ასეთი სცენარით მოვლენების განვითარებაზე.
„მე არ დამიტოვებია საქართველო, აქ [სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისთვის - რ.თ.] მხოლოდ 24 საათით ჩამოვედი. ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას“, - განაცხადა მან სტრასბურგში ჟურნალისტის კითხვაზე, რა გეგმა აქვს უახლოეს მომავალში და აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას.
ინტერვიუ 18 დეკემბერს ჩაიწერა. სალომე ზურაბიშვილი უკვე საქართველოშია.
„არ მინდა... ვხედავ - მოწოდებებს არა, მაგრამ - შეთავაზებებს, რომ მე შეიძლება გავხდე, არ ვიცი, [ბელარუსელი ოპოზიციონერი ლიდერი სვიატლანა] ციხანოუსკაია ან ვენესუელელი პრეზიდენტი [ედმუნდო გონსალესი], რომელიც აღიარეს მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვა და დღეს, როგორც გავიგე, სახაროვის პრემიაც გადასცეს“, - თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
„მე ეს არ მინდა. როდესაც ყველაფერი დასრულებულია, რა სარგებლობა მოაქვს ასეთ მხარდაჭერას?! მე მჭირდება მხარდაჭერა ახლა, ჩემს ქვეყანაში, ჩემს მოსახლეობასთან ერთად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 18 დეკემბერს მედია TVP World-თან ინტერვიუში.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 28 ივლისს ჩატარდა.
საარჩევნო ადმინისტრაციამ ხმების 51%-ით გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა, რასაც მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა; ოპოზიციონერი კანდიდატი ედმუნდო გონსალესი, რომელიც ესპანეთის საელჩოს აფარებდა თავს, დაპატიმრების ორდერის გამოცემის შემდეგ, იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა;
ნოემბრის ბოლოს კი აშშ-ის ხელისუფლებამ ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტად ქვეყნიდან განდევნილი ედმუნდო გონსალესი გამოაცხადა.
ბელარუსში 2020 წლის არჩევნების ოფიციალური შედეგები, პრეზიდენტი კვლავ ალიაქსანდრ ლუკაშენკა გახდა. შედეგების გამოცხადების მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ოპოზიციონერი ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია, - რომელიც თავს გამარჯვებულად მიიჩნევდა, - იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. შეერთებული შტატები ალიაქსანდრ ლუკაშენკას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ მიიჩნევს.
2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველ არაპირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში, - რომლის ლეგიტიმურობას მოქმედი პრეზიდენტი და სამართლის ექსპერტების დიდი ნაწილი არ ცნობენ,- „ქართული ოცნების“ საარჩევნო კოლეგიამ კენჭი ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს უყარა.
„აქ ვარ და აქ ვრჩები“, - ამბობს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ყაველაშვილის არჩევას „პროვოკაციად“ და „პაროდიად“ აფასებს.
ის მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა აღარ არის დარჩენილი არცერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტს წარმოადგენს ის, სანამ ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები არ დაინიშნება.
„ქართული ოცნება“ მას მოუწოდებს, დაემორჩილოს „ქართველი ხალხის ნებას“. შალვა პაპუაშვილმა მას „ცრუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი“ უწოდა.
ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერსაა დაგეგმილი.