მოსკოვში აფეთქების შედეგად დაიღუპნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური, 54 წლის გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე.
პირველი ცნობები, რომ მოსკოვის რიაზანის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი სახლის პირველ სართულზე დილით მომხდარი აფეთქების შედეგად ორი მამაკაცია დაღუპული, რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ სახლი გაზიფიცირებული არ არის და შესაბამისად, გამორიცხავდნენ გაზის აფეთქებას.
მოგვიანებით რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ დაიღუპნენ გენერალი კირილოვი და მისი თანაშემწე. სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღიძრა.
საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა სახლის სადარბაზოსთან, სკუტერში იყო დამონტაჟებული. სახელმწიფო სააგენტო „ტასი" სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერს, რომ მოწყობილობა დისტანციურად ააფეთქეს და მისი სიმძლავრე დაახლოებით 300 გრამი ტროტილის ეკვივალენტური იყო.
იგორ კირილოვი რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარებს 2017 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გენერალმა კირილოვმა მტკიცებულებების გარეშე არაერთხელ განაცხადა, რომ კიევს კავშირი აქვს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შემუშავებასთან.
გენერალი კირილოვი სანქცირებული იყო უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.
მოსკოვში მომხდარ აფეთქებამდე ერთი დღით ადრე, 16 დეკემბერს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იგორ კირილოვი ეჭვმიტანილად გამოაცხადა უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანებების გაცემის გამო. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დაფიქსირებულია ქიმიური ნივთიერებების შემცველი საბრძოლო მასალების გამოყენების 4,8 ათასი შემთხვევა.
გენერალი კირილოვი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე თბილისში მოქმედ ლუგარის ლაბორატორიასაც ბრალს სდებდა საშიში დაავადებების გავრცელებაში.