3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებული 21 წლის ალექსი თირქიას გამოღვიძების პროცესი წარმატებით დაიწყო. ის მოხსნეს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან, თუმცა მდგომარეობა ისევ მძიმეა.
ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახაბერ ჭელიძემ მიაწოდა. მისი თქმით, მხედველობის ფუნქციის შემოწმება შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც პაციენტი სრულად გამოიღვიძებს.
„სამკურნალო ძილიდან გამოსვლის პროცედურა უკვე დაწყებულია. მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით და ამ წინსვლის შემადგენელი ერთ-ერთ ნაწილია პაციენტის მოხსნა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. ძილიდან გამოსვლის ეტაპი წარმატებით მიდის. თუმცა პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა და მძიმე რჩება“, - განაცხადა ექიმმა.
მისი განმარტებით, პაციენტისთვის პირველ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი თავის ტვინის თხემზე ჩატარებული პოსტოპერაციული პერიოდია.
„ძვლების იმპრესიული მოტეხილობა იყო – შუბლის ძვლების, შუბლის წილის გარკვეული ტიპის დაზიანებით. ასეთ შემთხვევაში თავის ტვინზე უფრო გახლავთ საუბარი, ვიდრე თვალზე. თვალის მთლიანობა დარღვეული არ იყო, თუმცა ამაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით მას შემდეგ, რაც ჩატარდება კიდევ ერთხელ ცნობილი ოფთალმოლოგების კონსულტაცია და კიდევ ერთხელ შეფასდება თვალის მდგომარეობა“, - განმარტავს ექიმი.
ალექსანდრე თირქიას ბიძა სოსო ჩანადირი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პაციენტმა შეასრულა ექიმის დავალებები: დაახამხამა თვალი, გამოყო ენა, გაამოძრავა მარცხენა კიდური და ხელის მტევანი.
„ყველაზე საშიში თურმე, აქამდე არ ვიცოდით, ექიმმა გვითხრა, რომ დაზიანება რახან მარცხენა მხარეს აქვს საფრთხე იყო, რომ მარცხენა ხელი და ფეხის მოძრაობა წართმეულიყო, მაგრამ ფეხებს ამოძრავებს კიდურებს, თითებსაც ამოძრავებს ხელის. მდგომარეობა ისევ ისევ სტაბილურად მძიმეა“, - ამბობს სოსო ჩანადირი.
მისივე თქმით, შეშუპებისა და ინფექციის შეჭრის რისკი, ღია ჭრილობის გამო, ისევ რჩება, სისხლჩაქცევა აქვს თვალის უკანა მხარეს.
„ტვინი რამდენად არის დაზიანებული არ ვიცით, გვეუბნებიან, რომ ტვინში სისხლჩაქცევა არ არის, მაგრამ შეშუპებამ რა გავლენა მოახდინა, არ ვიცით", - ამბობს ბიძა.
3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებულ 21 წლის ალექსი თირქიას, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსული აქვს მოხვედრილი. მომხდარს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს და ამის შემდეგ დაზუსტდება, იყო თუ არა თირქიას დაზიანების მიზეზი ნამდვილად ე.წ. გაზის კაფსულა.
თბილისსა და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.