„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ცნობით, 10 დეკემბერს, ღამის 00:00-დან 03:00 საათამდე შუალედში, თბილისსა და ქუთაისში, სულ მცირე, 7 ადამიანი დააკავეს.
„ბოლო 3 საათში თბილისსა და ქუთაისში 7 პირის დაკავების/ჩხრეკის შესახებ შეგვატყობინეს არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე. მათ შორის, ერთი სისხლის სამართლსი წესით არის დაკავებული“, - წერს ქურდოვანიძე ფეისბუკზე.
მისი თქმით, ორგანიზაცია ცდილობს გაგებას, თუ სად გადაიყვანეს დაკავებულები.
„თითქოს რომ მშვიდი ღამეა, ადამიანების დევნა და ტერორი გრძელდება“, - წერს იგი.
10 დეკემბერს, ნაშუაღამევს, 01:30-01:45 საათის შუალედში თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „მაკდონალდსთან“, სასტუმრო „სტამბასთან“ და, ასევე, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, სულ მცირე, ხუთი მოქალაქე დააკავეს.