საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ერთი ნაწილი საერთო განცხადებას ავრცელებს, სადაც გმობს დემონსტრანტებზე ძალადობას, ემიჯნება „ქართული ოცნების“ განცხადებას ევროკავშირთან დაახლოების პროცესი შეჩერებაზე და მოითხოვენ, მათი ეთერები საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებასა და საჯარო დისკუსიებს დაეთმოს.
განცხადების ტექსტს ხელს 58 თანამშრომელი აწერს, მათ შორის წამყვანები: ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ ჩიქოვანი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 28 ნოემბერს გაჟღერებული გადაწყვეტილება არღვევს კონსტიტუციით გამყარებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველყოფის ვალდებულებას.
„ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ დარბევას, დევნას და დაპატიმრებას, ვდგავართ დემონსტრანტების გვერდით და ვიაზრებთ ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას დავიცვათ ხალხის მიერ არჩეული, კონსტიტუციით გამყარებული აწმყო და მომავალი", - ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერები ყურადღებას ამახვილებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის როლზე, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციის მე-17 მუხლითაა განსაზღვრული და მიაჩნიათ, რომ „სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო ხანია ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, არ ასახავს მოვლენებს სიღრმისეულად და მიუკერძოებლად".
„საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, შესაბამისად, საკუთარ ვალდებულებად მიგვაჩნია თავისუფალი სიტყვის დაცვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომლები ვგმობთ და ვაპროტესტებთ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ. ვგრძნობთ მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ, მივესალმებით და მოვითხოვთ, ჩვენი ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.