„ლელოსა“ და „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „კაგებეშნიკურს“ უწოდებს მის მიმართ აგორებულ არმენოფობიურ კამპანიას და აცხადებს:
„ბოლო ცილისმწამებლური კამპანია არა მარტო მე, არამედ ჩვენს მოძმე ხალხს, სომხებსაც შეეხო. მე ვუხდი მათ ბოდიშს „ოცნების“ უნამუსო და უზნეო ფობიური გამოხტომების გამო“.
„ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ. ვისაც ესეთი ამბები აწუხებს, ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა - ქსენოფობია“, - წერს მამუკა ხაზარაძე ფეისბუკზე.
15 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტში იგი ამბობს: „გაუმარჯოს ქართველების, სომხების, ებრაელების, აზერბაიჯანელების, ქურთების, იეზიდების და სხვა მოძმე და მონათესავე ერების ერთად ცხოვრებას ძლიერ საქართველოში. ძლიერ საქართველოს გაუმარჯოს თავისი მრავალფეროვნებით, სილაღით და ნაღდი ურთიერთობით“.
ხაზარაძე წერს, რომ „ბიძინა და KGB უნდა დამთავრდეს 26 ოქტომბერს“.
2024 წლის 30 სექტემბერს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ტელევიზია „პოსტივიმ“ გამოაქვეყნა 80-წამიანი ვიდეორგოლი: „ხაზარაძის სომხური შალახო“. 11 ოქტომბერს ამავე ტელევიზიის რეპორტიორმა მამუკა ხაზარაძეს ჰკითხა, „რატომ მალავს იგი სომხურ წარმომავლობას“.
მამუკა ხაზარაძის შესახებ ბოლო კვირების განმავლობაში გავრცელებულ ვიდეოებსა და სიუჟეტებს საქართველოს სომხურ თემსა და უფლებადამცველთა წრეებში მიიჩნევენ არმენოფობიურ კამპანიად, რომლის მიზანიც ხაზარაძის დისკრედიტაცია და დაზიანებაა.