რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთი საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო გარემოზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს, რუსეთი კი არც ერევა და არც აპირებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას.
„საქართველო ჩვენი მეზობელია. იცით ყველა სირთულის შესახებ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რომლებიც ამავდროულად არ აფერხებს ორი ქვეყნის საზოგადოებებისა და ხალხების ხაზით ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას. ხალხი განაგრძობს სიარულს საქართველოშიც და რუსეთშიც, რუსეთიდანაც და საქართველოდანაც“, - განაცხადა პესკოვმა.
რაც შეეხება არჩევნებს, პესკოვის თქმით, ეს მათი საქმე არ არის. „ჩვენ ვხედავთ დასავლეთის ქვეყნების დაუფარავ მცდელობებს, ზეწოლა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებზე და მოახდინონ პირდაპირი დაუფარავი გავლენა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე. ჩვენ არანაირად არ ვერევით საქართველოს საშინაო საქმეებში და არ ვაპირებთ ამის გაკეთებას“, - თქვა პესკოვმა.
10 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა.
მანამდე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „თეთრ სახლში უკიდურესად უკმაყოფილო არიან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“. უწყების ცნობით, „თბილისის მაიდანზე“ გეგმავენ არჩევნების „გაყალბების მტკიცებულებების“ აღმოჩენას, არჩევნების შედეგების არაღიარების გამოცხადებას და ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნას, "ეცდებიან სამართალდამცავების პროვოცირებას, პროტესტის ძალით ჩახშობის იძულების მიზნით".
ამას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში "კატეგორიულად მცდარი" უწოდეს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. მმართველი პარტია "ქართული ოცნება" რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ოპონენტებს ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობებში ადანაშაულებს. თავის მხრივ, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოს მთავრობას პრორუსულობაში ადანაშაულებენ.
ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტის მიერ "აგენტების კანონის" კენჭისყრას, რომელიც მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
"აგენტების კანონისა" და ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონის გაწვევის მოთხოვნის ფონზე, ევროკავშირმა შეაჩერა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები და საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები.
ანტიდასავლური რიტორიკისა და დეზინფორმაციის გამო შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა ქვეყანაში „დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ“. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კი გააუქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა ნიუ-იორკში 25 სექტემბერს გამართულ ტრადიციულ მიღებაზე.
დიდმა ბრიტანეთმა გაყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის, რაც პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. ასევე გააუქმეს თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შეჩერდა ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა.