რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმში ხუთი დღის განმავლობაში სამხედრო კომისარიატებში 28-ჯერ გაჩნდა ხანძარი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი გამოცემა “მედუზა” ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 29 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმში მოქალაქეებმა მინიმუმ 28-ჯერ სცადეს ცეცხლის გაჩენა სამხედრო კომისარიატებისთვის ან თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული სხვა ობიექტებისთვის. 2022 წლის სექტემბერში რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა სამხედრო კომისარიატებზე.
ცეცხლის მოკიდების ყველაზე მეტი შემთხვევა მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ყაზანში დაფიქსირდა, ხოლო პოდოლსკში ერთსა და იმავე სამხედრო კომისარიატს ორჯერ წაუკიდეს ცეცხლი.
სამხედრო კომისარიატებისთვის ცეცხლის გაჩენის შემთხვევები, ასევე, დაფიქსირდა სევეროდვინსკში, მოჟაისკში, ომსკში, კოპეისკში, კალუგაში, ულან-უდეში და ა.შ.