Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

“ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

თანამედროვე იტალიური მწერლობის მეტრის დაჩა მარაინის ორი რომანი “ხმები” და “გოგონა და მესიზმრე კაცი” იტალიურიდან ქართულად თარგმნა იტალიური ლიტერატურის ჩინებულმა მცოდნემ,  მთარგმნელმა და საზოგადო მოღვაწემ ნუნუ გელაძემ.

“უკვე სოლიდურ ასაკში მყოფი დაჩა მარაინი თანამედროვე იტალიური და მსოფლიო მწერლობის აღიარებული მეტრია, რომლის სიტყვასაც ელიან, უსმენენ  და ითვალისწინებენ თითქმის ყველა კულტურულ ქვეყანაში. 

იტალიური კლასიკური მწერლობისა და რეალიზმის ტრადიციებიდან ამოზრდილი დაჩა მარაინი თავის თხზულებებში ყველა იმ მწვავე პრობლემაზე დაუფარავად საუბრობს, რომლის წინაშეც დღევანდელი საზოგადოება აღმოჩნდა”  – ასე ახასიათებს მწერალი გიორგი ლობჟანიძე დაჩა მარაინის წერილში –  “დაჩა მარაინი სამუდამოდ”.

ამჟამად, “პირველი სხივის” ფურცლებზე ქვეყნდება დაჩა მარაინის ტრაქტატი “წერის სიყვარული”. ტრაქტატის ბოლო პუბლიკაციას ეხმიანება მეცნიერი, მწერალი როსტომ ჩხეიძე.

News.ge აღნიშნულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

რას შეიძლება ჰგავდეს წერა
(დაჩა მარაინი მეგზურად ეროტიზმისა და ჭამის საუფლოში)
ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ.
მართალია მსაჯულნი ყოველთვის გამამართლებელ განაჩენს გამოუტანდნენ, მაგრამ ის საჩივრები საშინელ მღელვარებასა და შფოთს გამოიწვევდა მასში, ადვოკატებიც ძვირი დაუჯდებოდა და დროსაც უამრავს დააკარგვინებდა.
იმ დროს სერიოზულ მწერალ ქალს ხომ არ შეეძლებოდა ისე თამამად ესაუბრა სექსზე, როგორც მისი თაობის მწერალ მამაკაცებს.
დრო თანდათან შეიცვლებოდა და:
ქალები უკვე ყველაფერზე დაწერდნენ და ზოგიერთი თვითკმაყოფილებასაც განიცდიდა ეგრეთწოდებული პორნოგრაფიული ამბების გადმოცემით, სექსს ხომ მთელი თავისი სიშიშვლით აღწერდნენ – ყოველგვარი მეტაფორისა და რიდეს გარეშე.
ამ ჭკვიანურ და პირუთვნელ ანტიკონფორმიზმში ერთადერთი, რაც დაჩა მარაინის თვალში წესიერებისადმი ერთგულებად მოჩანდა, იყო მოთხრობილ ამბავთა შინაარსი, რომელიც გინდ ერთფეროვანი და გინდ მრავალფეროვანი ყოფილიყო, ყველასათვის საერთო გახლდათ – ფიზიკური ტკივილით სიამოვნება, რასაც თან ახლდა თვითგვემა, თვითდამცირება, თვითგანადგურება.
ქალების მიერ დაწერილ პორნოგრაფიულ რომანებში არასოდეს შეხვედროდა სექსუალური აქტის განსხვავებული ხედვა – ერთფეროვანი იქნებოდა თუ მრავალფეროვანი. თხრობა უფროდაუფრო აგრესიული და თავშეუკავებელი ხდებოდა და სხვა არაფერი გამოჰქონდა წინა პლანზე, თუ არა ქალის პასიური, მტკივნეული და სავალალო მხარე.
შესაძლოა ამ ყოველივეს – მიუხედავად ემანსიპაციისა, რაზედაც ბევრს საუბრობდნენ – ის განაპირობებდა, რომ:
დასავლურ კულტურაში ქალის სურვილთა მითოპეა არ არსებობდა.
ბუნებაში რომ არსებობდა ქალური სიამოვნებანი და მას ნებისმიერი ქალი იცნობდა, როგორც კოლექტიური სიმბოლური წარმოდგენა, ჯერ არ ჩამოყალიბებულიყო.
მხატვრული გააზრება მხატვრულ გააზრებად, მაგრამ დაჩა მარაინი მოვალედ მიიჩნევდა თავს, მისი ანალიტიკური განსჯაც შეეტანა ტრაქტატში „წერის სიყვარული“, და სწორედ ეს მონაკვეთი, რაც ეხება ეროტიზმსა და პორნოგრაფიას და ეროტიზმსა და საკვებს, არის გამოქვეყნებული „პირველი სხივის“ ახალ ნომერში (2022, N 4), ნუნუ გელაძე ბოლომდე რომ მიჰყვება მის გადმოქართულებასაც.
როგორც სჩვევია ამ იტალიელ მწერალს, ამჯერადაც უხვად დაიმოწმებდა თანამოკალმეთა თხზულებებს, იტალიელთა თუ მის საზღვრებს გარეთ, და წარმოსახვით დიალოგსაც გამართავდა მათთან, რათა ამ ფონზე გაეხადა თვალსაჩინო თავისი დამოკიდებულება თუ ხედვა – კანთიელად, ოღონდ არა კატეგორიულად.
სად გადიოდა ზღვარი სენსუალობას, ეროტიზმსა და პორნოგრაფიას შორის ლიტერატურაში?
სენსუალობასა და ეროტიზმს შორის ხშირად ზღვარი არც გადიოდა, ვინაიდან ერთმანეთს აუფერულებდნენ. ვნებას, სენსუალობას ადამიანი ლამის ავტომატურად მიჰყავს ეროტიზმამდე. პორნოგრაფია თუ სულ სხვა რამეებს აღვიძებს და იბადება, ერთი მხრივ, სიჭარბით, მეორე მხრივ კი, ნაკლებობით.
ეროტიზმი გიწვევს, მოგითხრობს.
მაშინ, როდესაც პორნოგრაფია დემონსტრირებას ახდენს – ის ძალზე ხშირად მშრალი ცნობარია და არ გააჩნია პოეტური ან ზუსტი ლიტერატურული ფუნქცია, მხოლოდღა მკითხველის აღგზნება სურს.
და ამას ხომ კომიქსები და ხანმოკლე ფილმები სჯობდა, რათა ამ გზით არ დაგვეზიანებინა ისეთი დახვეწილი ინსტრუმენტი, როგორიც ლიტერატურაა.
ალინა რეიესის რომანის – „ყასაბი“ – წაკითხვისას დაჩა მარაინს ისეთი შთაბეჭდილება დარჩებოდა:
პერსონაჟები საკუთარი სექსუალური განადგურების გამო სიამოვნებას განიცდიანო.
და თავის მხრივ მიადევნებდა, რომ:
ცხადია აგრესიულობა ადამიანის დამახასიათებელი თვისება გახლდათ, კაცი იქნებოდა თუ ქალი, მაგრამ ქალები ისე აღეზარდათ, იძულებულნი გამხდარიყვნენ, აგრესიულობა საკუთარი თავისაკენ მიემართათ.
იმას კი არ ამბობდა: ქალები ბუნებრივად მაზოხისტები არიანო, – მაგრამ ვერც იმას უარყოფდა, რომ:
ქალებს ისტორიულად დაეუნჯებინათ საკუთარი თავის უპატივცემულობა, დასჯისა და ფიზიკური ტკივილისადმი სიყვარული, რაც დიდი ხნის განმავლობაში ქალთა აღზრდის საფუძველს წარმოადგენდა.
ისაბელ ალიენდეს წიგნში – „აფროდიტე“ – ძალიან მოეწონებოდა ის მონაკვეთი, როდესაც ავტორი საოცარი დეტალურობით ლაპარაკობდა „აფროდიზიაკულ ბოსტნეულზე“ ანუ სექსუალური მოთხოვნილების ასამაღლებელ საშუალებაზე.
და წარმოსახვით დიალოგში ისიც უნდა თქმულიყო:
სხეული და ორი პიროვნების შეყრა ნიშნავს ეროტიზმსო.
და საკვებთანაც რომ ჰქონდა საქმე?
რა გასაკვირია:
საკვები და ეროტიზმი ხომ ანტიკური თემა გახლდათ.
ოღონდ რეცეპტების წერა ცოტათი განსხვავდებოდა, ვინაიდან რეცეპტი წარმოადგენდა მომენტს, როდესაც საკვები განზრახვას იძენდა; საკვების ტექნიკურ დამუშავებას ცთუნების განზრახვა უჩნდებოდა.
დაჩა მარაინს ბევრჯერ ეთქვა:
წერა პურის ცხობას მაგონებსო.
ცომს ძალიან კარგი დამუშავება ესაჭიროებოდა, კარგა ძლიერი, როგორც ამბობდნენ, მოქნილი მკლავები.
მოზელვის შემდეგ ცომი უნდა დაგესვენებინა, გაგეღვივებინა, მოგვიანებით ისევ ჩაგებრუნებინა და ბოლოს ფურნეში გამოგეცხო.
ეს ყოველივე შესაძლოა ცთუნების ერთგვარ პროექტადაც კი მიჩნეულიყო.
ისაბელ ალიენდე ერთმანეთს რომ ადარებდა პურსა და სხეულს, ირწმუნებოდა:
პური ვიდრე გამოცხვება და ვიდრე მუშავდება, ღვივდება, ქალის სხეულსა ჰგავს და საქმე ეროტიზმთან, ვნებასთან გვაქვსო.
საკვებზე უმთავრესად ქალები რომ წერდნენ, კაცებზე მეტად, აგერ ანტონიო ტაბუკი ხშირად უტრიალებდა ამ თემას რომანებში – „რექვიემი“ და „მიაჩნია პერეირას“ – რომლებშიც ძალზე ინტენსიურად იგრძნობოდა სიკვდილი.
მისთვის საკვებზე საუბარი, რასაც არაცნობიერად, ანგარიშმიუცემლად წამოიწყებდა, შელოცვის ერთგვარ ფორმად გამოიკვეთებოდა.
ისე გამოდიოდა, რომ:
საკვები სიკვდილს შეულოცავდა და ამავდროულად მის თეატრალიზებასაც ახდენდა, ჰქმნიდა წარმოსახვით მანძილს მკვდარ სხეულებსა – რომლებიც აღარ ჭამდნენ – და ცოცხალ სხეულებს – რომლებიც ჯერ კიდევ ჭამდნენ – შორის.
დღესდღეობით ანთროპოლოგიურად გათვითცნობიერებული არაერთი მწერალი რომ მიმართავდა საკვების თემას, დაჩა მარაინის დაკვირვებით:
ჩვენს დროში აღარავინ მიიჩნევდა საჭმელს მხოლოდ კვების საშუალებად:
ამასთან:
ვინც წერდა, განათლებულ კლასს განეკუთვნებოდა, თითქმის ყოველთვის კარგად გახლდათ ნაკვები და ამიტომ წერა მათთვის სოციალურ რიტუალს უფრო წარმოადგენდა, ვიდრე გამოკვების წმინდა აქტს.
წარსული საუკუნეებიდან აგონდებოდა ბევრი ხალხური კომედია, რომელთა სცენებიც მაკარონის კერძით გადავსებული დიდი თეფშებით მთავრდებოდა.
და ხვდებოდა:
იმხანად ჭამა ვნება რომ იყო, სიცოცხლის სიხარული, ხშირად ფრუსტრირებული სურვილის საზღაური, მიღწევა და გამარჯვება.
დღეს კი:
ვქექავდით გემრიელ კერძებს, ვამჯობინებდით მათი სიმბოლური, რიტუალური ასპექტები გვეკვლია და ხშირად დანაყრებული სიხარბის გამოვლენას შიმშილისაგან ვეღარ ვასხვავებდით.
დაჩა მარაინისათვის ჭამა ვნება გახლდათ, დედობრიობის გამოვლენა.
და ამას განსაკუთრებული მიზეზი ჰქონდა, წარმოშობილი მისი პირადი გამოცდილებიდან:
გამოევლო არლეკინოსა და პულჩინელას შიმშილი, რაც იკვებებოდა უსაზღვრო და გადაჭარბებული ოცნებით, ნდომით.
ეს არ ყოფილა შიმშილი ჭარბად ნაკვები ქვეყნისა, რომელსაც უჭირს წონასწორობის მოპოვება და ან ბევრსა ჭამს და ან ძალიან ცოტას და ყველა შემთხვევაში ცუდადაა.
დაჩა მარაინის შიმშილი, როდესაც საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდა, ნამდვილი შიმშილი გახლდათ და იმხანად ჭამა მისთვის საგულდაგულოდ ნალოლიავებ მითს უიგივდებოდა, ომის დასასრულის ნიშანსა და წარმოსახვის სასწაულს.
საჭმელი მისთვის მშვიდობასა და ხელახალ დაბადებას უდრიდა.
საიდან დაიწყებდა მწერალი და სად მიგვიყვანდა:
ეროტიზმისა და პორნოგრაფიის შედარებით სურათში უნდა შემოჭრილიყო ჭამა, როგორც სიცოცხლის ნიშანი და როგორც რიტუალი, მის შრეებში ჩაძირვას დაჩა მარაინის ცხოვრების ყველაზე მწარე, ყველაზე გაუხარელი ხანაც რომ უნდა ამოეზიდა ფსიქიკის ღრმა შრეებიდან, თითქოსდა მიყრუებული, თითქოსდა გადავიწყებული, მაგრამ მას და სწორედ მას უნდა დაედგა თავისებური გვირგვინი იმ სწრაფვისათვის, რომ:
ყოველნაირად უნდა მოვერიდოთ დაზიანებას ისეთი დახვეწილი, ფაქიზი ინსტრუმენტისა, როგორიც ლიტერატურაა.

იტალიელი მწერალი დაჩა მარაინი

მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე ნუნუ გელაძე

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus