ოკუპირებული აფხაზეთში ტელეგრამის არხები აქვეყნებენ ინფორმაციას, სავარაუდოდ, ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას კუთვნილი სასტუმროსა და ძვირადღირებული ავტომანქანების შესახებ.
რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზამ “ ინფორმაციის გადასამოწმებლად ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ახრა სმირს და „გადასახადებისა და შემოსავლების მინისტრს“ მიხეილ გაბელიას მიმართა. "ეხო კავკაზა" დაინტერესდა რატომ არაა შეტანილი ეს სავარაუდო ქონება „პრეზიდენტის“ დეკლარაციაში.
სოციალურ ქსელში ქვეყნდება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის აქტივების სია, რომელიც, სავარაუდოდ, ასლან ბჟანიას არ აქვს დეკლარირებული.
საუბარია სოხუმში მდებარე სასტუმროზე, დაჯავშნილ ავტომანქანა Toyota Land Cruiser 300-ზე, რომელიც 25 მლნ რუბლი (დაახლოებით 898 234,29 ლარი ) ღირს. 18 მლნ რუბლის (646 553,78 ლარი ) ღირებულების Lexus 570-ზე. სახელდება ასევე ფრენა 12 მლნ რუბლის ღირებულების სუპერჯეტით.
ბჟანიას 2021 წლის დეკლარაციაში არც სასტუმრო, არც ავტომობილები და არც თვითმფრინავით მოგზაურობა არ ფიგურირებს.
დეკლარაციაშია ავტომობილი Mersedes Benz S600, 1 310 კვ/მ და 74,6 კვ/მ-ის ორი მიწის ნაკვეთი. 105 კვ/მ ბინა აფხაზეთში და 35.9 კვ/მ, 106.7 კვ/მ და 86.3 კვ/მ სამი ბინა რუსეთის ფედერაციაში.
2022 წლის შევსებული დეკლარაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა, ის 2023 წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა შეივსოს.
ახრა სმირის განცხადებით, „ამ სასტუმროს შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია ქვეყნდება და განიხილება. ის 2007 წლიდან შენდებოდა, 2014 წელს 95%-ით მზად იყო, ერთადერთი რაც არ იყო მზად იყო აუზი, ეს სასტუმრო პრეზიდენტის შვილს, მაქსიმ ასლანოვიჩ ბჟანიას ეკუთვნის. ეს სასტუმრო შეტანილია წინასაარჩევნოდ წარდგენილ დეკლარაციებში, ეს ამბავი ახალი არ არის. ამ დროისთვის ამ სასტუმროში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, სწორედ აუზის მონტაჟო სამუშაოები. ეს არ არის სასტუმროს მშენებლობა, არამედ თანმხლები სამუშაოები".
რაც შეეხება ავტომობილებს, ამასთან დაკავშირებით სმირი ამბობს, რომ ზოგი ავტომობილის ფასი მისთვისაც გაუგებარია.
„არც ავტომანქანების ამბავია ახალი. ავტომანქანა კი ახალია, მაგრამ ამბავი, რომ ადამიანს პრემიერ კლასის დაჯავშნილი ავტომობილები ჰყავს - ძველია. 2014 წელს, არჩევნების დროს ის დაჯავშნილი, პარაბოლური ანტენის მქონე ავტომობილით Chevrolet Suburban-ით გადაადგილდებოდა, მსგავსი ავტომობილი მსოფლიოში სულ სამი იყო. ორი ამერიკის პრეზიდენტს ჰქონდა, მესამე კი მის ხელში გადაყიდვების გზით შეიძინა. იყო კიდევ, თუ არ ვცდები, Mercedes-ი და Lexus-ი, რომლებსაც ის ფლობდა პრეზიდენტობამდე. ამ ავტომობილებს ის ან ყიდულობდა ან ჩუქნიდნენ. ეს ავტომობილები დაჯავშინილი იყო და ამ თვალსაზრისითაც, პრინციპულად ახალი არაფერია. ერთადერთი რაც არ მესმის, საიდან მოვიდა ეს ფასი 25 მლნ რუბლი. ვინაიდან, ამ კლასის და ამ კომპლექტაციის ავტომობილები სპარსეთის ყურის ქვეყნებში 100 ათასი დოლარი ღირს და დაახლოებით ამ ფასადაა შეძენილი ეს ავტომობილი. ამ ტიპის ავტომობილზე ჯავშნის გაკეთება, დაახლოებით, 5 მლნ რუბლი ღირს, ეს ჩვეულებრივი მომსახურებაა, ბევრი სალონი აკეთებს ამას. მსხვილი ბიზნესმენები, ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რეგიონების, ქვეყნების მეთაურები სარგებლობენ ამით და ამაშიც არაბუნებრივი არაფერია. პრეზიდენტის თქმით, არც ავტომობილებში არც, სუპერჯეტში სახელმწიფოს არც ერთი კაპიკი არაა გადახდილი. სუპეჯეტით ფრენას
- საუბარია ფრენის ანაზღაურებაზე. თვითმფრინავის მფლობელის ვინაობა „ფლაირადარის“ მეშვეობით ადვილი დასადგენია, გაფრენის დროის და ბორტის ნომრის მიხედვით."
ახრა სმირის განმარტებით Land Cruiser 300 „პრეზიდენტის“ 2021 წლის დეკლარაციაში იმიტომ არ არის შეტანილი, რომ ბჟანია მისით მხოლოდ სარგებლობს, იურიდიულად კი დაჯავშნილ ავტომობილს თავად არ ფლობს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის წლიური შემოსავალი 204 ათასი რუბლია (დაახლოებით 7 400 ლარი), მისი პრესმდივნის სიტყვებით მიხედვით გამოდის, რომ „პრეზიდენტი“ განსაკუთრებულად არ მალავს, რომ ის ქონებას ნათესავებზე აფორმებს და იღებს ძვირადღირებულ საჩუქრებსაც.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო გადასახადებისა და შემოსავლების მინისტრმა მიხეილ გაბელიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და დასკვნების გამოსატანად "ეხო კავკაზას" კორესპონდენტს საიტზე გამოქვეყნებული დეკლარაციის ნახვა ურჩია.
საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის ასტამურ კაკალიას განცხადებით, ამ საკითხზე პასუხი „გადასახადებისა და შემოსავლების სამინისტროსთან“ არსებულმა ანტიკორუფციულმა სამსახურმა უნდა გასცეს. „ისინი ვალდებულნი არიან გადაამოწმონ და დოკუმენტურად უპასუხონ საზოგადოებას. ან აღიაროს თანამდებობის პირის მიერ კანონის დარღვევა ან უარყოს იგი“, ამბობს კაკალია. მისივე სიტყვებით საჭიროა კორუფციასთან არა პიარკამპანიებით ბრძოლა. არამედ რეალური მოქმედებები და კანონის აღსრულება.