ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს, რომელიც სასჯელს კოლონიაში იხდიდა, ბიშკეკის რაიონულმა სასამართლომ სამკურნალოდ საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება მისცა.
რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის ცნობთ, ატამბაევი სასჯელაღსრულების კოლონიიდან გაათავისუფლეს. პარტია "სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარის, თემირლან სულთანბეკოვის თქმით, „ექს-პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა უნდა გაიაროს ორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაცია, რის შემდეგაც მას დასჭირდება მკურნალობა და რეაბილიტაცია."
14 თებერვალს ყირგიზეთის უზენაესი სასამართლოს სასამართლო საბჭომ დახურულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ ატამბაევის წინააღმდეგ საქმე ხელახლა განსახილველად გაეგზავნა სასამართლოსთვის. დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში ნათქვამია, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა ქვეყნის ექს-პრეზიდენტის ადვოკატების შუამდგომლობა ახლად აღმოჩენილი გარემოებების შესახებ სისხლის სამართლის საქმის წარმოების განახლების შესახებ.
სასამართლო კოლეგიამ ასევე გააუქმა ატამბაევის მიმართ უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის და 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებები.
გასული წლის ივნისში ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურამ ბრალი წაუყენა 2010 წელს ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარ შეტაკებასთან მისი კავშირის გამო, რასაც დაახლოებით 450 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მანამდე იგი 11-წლიან საპატიმრო სასჯელს იხდიდა 2020 წელს გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, რომლითაც სასამართლომ ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, აზიზ ბატუკაევის გათავისუფლებისთვის.
ატამბაევის მიერ 2013 წელს შეწყალებული კრიმინალური ავტორიტეტი აზიზ ბატუკაევი ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაუყოვნებლად გაემგზავრა რუსეთში. სამშობლოში იგი მსჯავრდადებული იყო ყირგიზი დეპუტატისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მკვლელობაში.