უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ, მიხაილო პოდოლიაკმა 30 იანვარს "ომის ხელშემწყობი" უწოდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) - მას შემდეგ, რაც ამ ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ეძებს გზებს საიმისოდ, რომ რუს ათლეტებს თამაშებში მონაწილეობის საშუალება მიეცეს.
"IOC არის ომის, მკვლელობის და ნგრევის ხელშემწყობი. IOC სიამოვნებით ადევნებს თვალს რუსეთის მხრიდან უკრაინის განადგურებას და შემდეგ რუსეთს სთავაზობს გენოციდის წამახალისებელ პლატფორმას, ხელს უწყობს სამომავლო მკვლელობებს. როგორც სჩანს, რუსულ ფულს, რომელიც ოლიმპიურ ფარისევლობას ყიდულობს, არ აქვს უკრაინული სისხლის სუნი" - წერს პოდოლიაკი ტვიტერით.
ერთი დღით ადრე, 29 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თანაშებზე რუსეთის დაშვება გაუტოლდება განაცხადს, რომ "ტერორი ... მისაღებია". ზელენსკის თქმით, რუსეთს საშუალება არ უნდა მიეცეს ოლიმპიური თამაშები, ან სხვა რომელიმე სპორტული ღონისძიება გამოიყენოს თავისი აგრესიის, თუ სახელმწიფო შოვინიზმის პროპაგანდის მიზნით.