ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ რუსეთს აწვდის საარტილერიო ჭურვებს, რომლებიც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში შეიძლება იქნეს გამოყენებული, იტყობინება Reuters-ი.
გასულ კვირაში თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს მოეპოვება ცნობები რუსეთისთვის კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღების მიწოდების შესახებ. კირბის თქმით, ვაშინგტონი თვალყურს ადევნებს სიტუაციას, მაგრამ არ აპირებს გარიგების როგორმე დაბლოკვას, ვინაიდან შეიარაღების მოცულობას არ შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს უკრაინასთან რუსეთის ომის შედეგებზე.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ აშშ-ს ბრალი დასდო „კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო იმიჯისთვის ზიანის მიყენების“ მცდელობაში. ფხენიანის თქმით, ის არ აწვდის და არ აპირებს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას.
ჩრდილოეთი კორეა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან სახელმწიფოთა შორის, რომლებმაც მიმდინარე წლის თებერვალში აღიარეს დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით კი ფხენიანმა მხარი დაუჭირა მოსკოვის მიერ გამოცხადებულ ანექსიას ტერიტორიებისა, რომლებიც რუსეთის ჯარებმა შეჭრის მსვლელობაში დაიკავეს.