საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველომ კლიმატის ცვლილების ყოვლისმომცველი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა 2030 წლისთვის. მან კლიმატის ცვლილების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 27-ე კონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველო გეგმავს 2050 წლისთვის მიაღწიოს ნახშირბადისადმი ნეიტრალური ქვეყნის სტატუსს.
"ძვირფასო კოლეგებო, კლიმატის ცვლილება ჩვენი თაობის გამოწვევად იქცა და ჩვენ, სახელმწიფოთა ლიდერები, პასუხისმგებელი ვართ იმისათვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ კაცობრიობისა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის. საუბრის დრო აღარ დარჩა, რადგან სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული ქმედებები გვჭირდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგოსისტემის 85 პროცენტი განახლებადი წყაროებიდან იქმნება.
"ვაგრძელებთ ისეთი არატრადიციული, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებასა და მხარდაჭერას, როგორიცაა მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და მდგრადი ენერგიის სხვა საშუალებები", - თქვა მან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში 6 ნოემბერს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობა.