აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა შეაქო უკრაინა უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებებისთვის და კვლავ გაიმეორა, რომ ნატო და მისი წევრები მხარს უჭერენ კიევს.
12 ოქტომბერს ბრიუსელში ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გამოსვლისას ოსტინმა მოკლედ შეაფასა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საომარი ძალისხმევა და თქვა, რომ მისი ომის „ბოროტებამ და სისასტიკემ“ საერთაშორისო თანამეგობრობა გააერთიანა.
ნატოს შეხვედრის გარდა, 50-მდე ქვეყანა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მართავს მოლაპარაკებებს აშშ-ის ხელმძღვანელობით. მისი ყურადღების ცენტრში საჰაერო თავდაცვა მოექცა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ორი დღის წინ მთელი უკრაინის მასშტაბით დაიწყო სამოქალაქო პირებისა და ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა, რაც პასუხია ყირიმის ხიდის აფეთქებაზე. მოსკოვი აცხადებს, რომ ხიდის აფეთქებაში უკრაინის უშიშროების სამსახური მონაწილეობდა.
„ეს გამარჯვებები უკრაინის მამაც ჯარისკაცებს ეკუთვნით. მაგრამ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საკონტაქტო ჯგუფის დახმარებას უსაფრთხოების სფეროში, წვრთნასა და მხარდაჭერაში“, - თქვა ოსტინმა შეხვედრის დაწყებისას.