თეთრი სახლი აქვეყნებს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის ფორმალურად გაფორმებასთან დაკავშირებით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეერთებული შტატები გმობს უკრაინის სუვერენული ტერიტორიის თაღლითურ ანექსიას“, რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, „თელავს გაეროს წესდებას და მშვიდობიანი ერების მიმართ ზიზღს გამოხატავს“.
„ნუ დაუშვებთ შეცდომას: ეს ქმედებები არალეგიტიმურია. შეერთებული შტატები ყოველთვის პატივს სცემს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მცდელობების მხარდაჭერას, დაიბრუნოს კონტროლი თავის ტერიტორიაზე სამხედრო და დიპლომატიური ძალების გაძლიერებით, მათ შორის უსაფროების სფეროში 1,1 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი დახმარების სახით, რომლის შესახებაც აშშ-მა ამ კვირაში გამოაცხადა“,- ნათქვამია განცხადებაში.
ანექსიის შესახებ „რუსეთის ყალბი განცხადებების საპასუხოდ“, შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ახალი სანქციების შესახებ აცხადებს.
სანქციები რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეხებათ, რომლებიც პოლიტიკური და ეკონომიკური საშუალებებით უკრაინის ტერიტორიული სტატუსის უკანონო შეცლის მცდელობებს უჭერენ მხარს.
„ჩვენ შევკრავთ საერთაშორისო საზოგადოებას, ამ ნაბიჯების დასაგმობად და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობით მომარაგებას, რუსეთის თავხედური ძალისხმევის მიუხედავად, გადაუკეტოს მეზობელს საზღვრები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჯო ბაიდენი ამბობს, რომ მოუთმენლად ელის, როდის მოაწერს კონგრესი ხელს უკრაინისთვის 12 მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე კანონს.
„მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს, უარი თქვან რუსეთის მიერ ანექსიის უკანონო მცდელობებზე და დადგნენ უკრაინის ხალხის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“, - წერია ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. „ხელმძღვანელებმა“, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელმძღვანელებმა“, ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.
ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პუტინის მიერ გამოცხადებული უკანონო ანექსია არაფერს შეცვლის.