კალათბურთში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე, A ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა და საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეორედ დამარცხდა.
საკალათბურთო ნაკრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბელგიასთან წარუმატებლობიდან ორ დღეში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთს დაუპირისპირდა და ოცდაექვსქულიანი სხვაობით წააგო - 64:90.
თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო გოგა ბითაძემ, რომელმაც ორი დღის წინ, ბელგიასთან მატჩი ფეხის ტრავმის მიღების გამო ვერ დაასრულა. გოგა ბითაძე ფეხის ტკივილმა კვლავ შეაწუხა და სამწვრთნელო შტაბმა მალევე შეცვალა, ტრავმის გართულების თავიდან ასაცილებლად. გუნდს სათადარიგოთა სკამიდან ამხნევებდა ტრავმირებული კაპიტანი თორნიკე შენგელია.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები A ჯგუფის აუტსაიდერია. მესამე ტურის შეხვედრები 4 სექტემბერს გაიმართება და 21:00 საათზე ქართველი კალათბურთელები ეთამაშებიან თურქეთის ნაკრებს, რომელიც ესპანეთთან ერთად ჯგუფის ლიდერია ორი მოგებით.
დღეს A ჯგუფში თურქეთმა ბულგარეთი დაამარცხა, ანგარიშით 101:87. მონტენეგრომ კი ბელგიას აჯობა - 76:70.
ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ოთხი ექვსგუნდიანი ჯგუფიდან პლეიოფის საგზურს ოთხ-ოთხი საუკეთესო მოიპოვებს.