ირანის წარმომადგენელი, ალი ბაღერი კანი, გაემგზავრა ვენაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების გადასარჩენ მორიგ მოლაპარაკებაში.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 აგვისტოს სახელმწიფო მედიას უთხრა, რომ მოლაპარაკების შუამავალი ევროკავშირი იქნება, და რომ განხილული იქნება "სხვადასხვა მხარის მიერ წამოყენებული მოსაზრებები".
აშშ-ირანის არაპირდაპირი მოლაპარაკების ევროკავშირის კოორდინატორი მანამდე აცხადებდა, რომ ორი მხარე ახლოს იყო შეთანხმებასთან - სანამ მარტში მოლაპარაკება ჩაიშლებოდა.
მას მერე, რაც ხელშეკრულება აშშ-მა ცალმხრივად დატოვა, თეირანმა თანდათანობით დაიწყო შეთანხმების პირობების დარღვევა.
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ჟოზეპ ბორელი გასულ თვეში ამბობდა, რომ შეადგინა ტექსტის ახალი პროექტი საერთაშორისო ხელშეკრულების აღსადგენად, რომლის ფარგლებშიც ირანმა თავისი ბირთვული პროგრამა შეკვეცა, ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.
25 ივლისს ირანმა განაცხადა, რომ გაეროს ატომური უწყების კუთვნილი სადამკვირვებლო კამერები არ ჩაირთვება შეთანხმების მიღწევამდე.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ირჩევს ხელშეკრულებასთან დაბრუნებას - თუმცა უარყოფს ირანის მოთხოვნას აშშ-მა უკან წაიღოს ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მოხვედრა შავ სიაში, როგორც ტერორისტული ორგანიზაციისა.