შემოწმება გაიარა უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა, რომელმაც გეზი აიღო გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში - და ამჟამად მიემგზავრება ლიბანისკენ, რომელიც მისი ბოლო გაჩერების პუნქტია.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ 3 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შემოწმება ჩაატარა 20 პირისგან შემდგარმა გუნდმა საგანგებო საკოორდინაციო ცენტრიდან, გუნდი ხომალდ "რაზონიზე" ავიდა ბოსფორის სრუტის სიახლოვეს.
ტრიპოლისკენ მიმავალი, 26,527 ტონა სიმინდით დატვირთული ხომალდი "რაზონი" ოდესის პორტიდან გავიდა 1 აგვისტოს, დილით, და თურქეთის შავი ზღვის სანაპიროს მიაღწია 2 აგვისტოს საღამოს, ამინდის გაუარესების გამო შეფერხების შედეგად. შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად, ხომალდებს შემოწმება უნდა ჩაუტარდეს არა სტამბოლის პორტში, არამედ ზღვაში.
უკრაინის სამ პორტში კიდევ 27 სატვირთო გემი ელის გამგზავრებას - ამბობს გაეროს პრესმდივანი სტეფან დუიარიჩი.
უკრაინამ და რუსეთმა 22 ივლისს, სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის - გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას მერე, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.