ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, სამომხმარებლო დაკრედიტების შესანელებლად, ამ ტიპის სესხებზე მაქსიმალური ვადა 4-დან 3 წლამდე შემცირდება. ეროვნულ ბანკში გამართულ პრესკონფერენციაზე გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ცვლილება 15 აგვისტოდან შევა ძალაში და ის ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს.
"სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება.
ამ ცვლილების გავლენის გაანალიზებისა და საბანკო სექტორთან განხილვის შემდეგ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ამავე პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვა. იგი 11%-ს შეადგენს.
მისი განმარტებით, ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა შედარებით შენელდა, თუმცა კვლავ მაღალი, 11,5%-ია. ასევე, განაცხადა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურების მიუხედავად, გაურკვევლობა მაინც მაღალ დონეზე ნარჩუნდება.
კობა გვენეტაძის განმარტებით, არსებული ინფლაცია ნელი ტემპით შემცირდება და მიზნობრივ დონეს (3%-ს) ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის შუაში დაუახლოვდება.