საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია განცხადებით ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის გვერდზე, სოციალურ ქსელში ВКонтакте-ში გამოქვეყნებულ პოსტს საქართველოს შესახებ. ამ პოსტის მიზანი იმის მტკიცება იყო, რომ 1801 წლამდე საქართველო, როგორც სახელმწიფო არ არსებობდა და ის კვლავ რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს.
სოვლაბის განცხადებით, საქართველო სათანადო პასუხს არ სცემს რუსეთის მხრიდან სახიფათო დეზინფორმაციასა და სიყალბეს, რომელიც პირველად არ ვრცელდება რუსეთის მხრიდან და რომლის მხილებაც ისტორიის დახმარებით არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. საბჭოთა კვლევის ლაბორატორია იხსენებს 2019 წელს, "გავრილოვის ღამის" შემდეგ ვლადიმერ პუტინის დეზინფორმაციით გაჯერებულ გამოსვლას, რომლის მთავარი ხაზიც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საქართველოს შემადგებლობაში ყოფნის „ხელოვნურობის“ მტკიცება და საბჭოთა კავშირის მესიანისტური მისიის აქცენტირება იყო.
"მედვედევიც, პუტინიც და მთლიანად კრემლის პროპაგანდა გვერდს უვლის მთავარ საკითხს - თუ როგორ მოხვდა საქართველო მათთვის სათაყვანებელ საბჭოთა კავშირში. ისინი ასევე გვერდს უვლიან რუსეთისთვის უხერხულ მაგრამ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტს - რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-იურე აღიარებას 1920 წლის 7 მაისს.
ამ საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლიდანაც რუსეთი არასდროს გასულა, მოსკოვმა აღიარა არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტი, არამედ საზღვრებიც, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით" - ნათქვამია სობლაბის განცხადებაში.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ რუსეთი საქართველოს და უკრაინის შემთხვევებში იდენტურად იქცევა და ისტორიის გაყალბებას ცდილობს.
"სიყალბის პირდაპირი, უკომპრომისო და აქტიური მხილება არა მხოლოდ დეზინფორმაციასთან ეფექტური ბრძოლისთვისაა აუცილებელი, არამედ საქართველოს საბჭოთა ოკუპაციასთან ბრძოლაში დაცემული მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემადაც" - ნათქვამია სოვლაბის განცხადებაში.
დმიტრი მედვედევის გვერდზე პოსტი საქართველოს შესახებ 2 აგვისტოს გამოქვეყნდა. საქართველოს ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს ოფიციალურად მისი განცხადება არ დაუგმია და არ შეუფასებია. თავად მედვედევის პოსტი გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა. მისი მოადგილის მტკიცებით, გვერდი, სადაც ეს განცხადება გამოქვეყნდა, "გატეხილი" იყო.