ჩრდილოეთ მაკედონიის კანონმდებლებმა სამდღიანი დებატების შემდეგ 16 ივლისს მხარი დაუჭირეს საფრანგეთის წინადადებას, რომლის მიზანია, ბულგარეთმა მოხსნას ვეტო და გზა გაეხსნას მოლაპარაკებების დაწყებას ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.
კომპრომისით გათვალისწინებულია, რომ მაკედონიამ ცვლილებები შეიტანოს თავის კონსტიტუციაში და ცნოს ბულგარული უმცირესობა. მაგრამ სკოპიესა და სოფიას შორის დაპირისპირებაში არსებული სხვა საკითხები ჯერაც გადასაჭრელია. როგორც იტყობინებიან, კვლავაც ღიად რჩება ბულგარეთის მიერ მაკედონიური ენის ცნობის საკითხი.
მაკედონიის 120-მანდატიანმა პარლამენტმა 68 ხმით დაამტკიცა კომპრომისული შეთანხმება მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომა დატოვეს. მათი თქმით, გარიგება ეროვნული კულტურის ღალატია.
ოთხი წლის წინ მაკედონელები დათანხმდნენ ქვეყნის სახელწოდების შეცვლას, რათა დაეშოშმინებინათ მეზობელი საბერძნეთი. ორი წლის წინ კი ბულგარეთმა ევროკავშირთან მაკედონიის მოლაპარაკებებში ვეტოს უფლება გამოიყენა.
ახალმა კომპრომისმა შესაძლოა ხელი შეუწყოს სწრაფ წინსვლას და ევროკავშირში ჩრდილოეთ მაკედონიის მიღების თაობაზე ფორმალური მოლაპარაკებების დაწყებას. ბულგარეთი ორი წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ მან მხარი დაუჭირა საფრანგეთის მიერ ინიციირებულ გარიგებას.
მიმდინარე კვირაში სკოპიეში ათასობით მაკედონელი გამოვიდა საპროტესტო აქციებზე. დებატების პირველი ორი დღის განმავლობაში პარლამენტის შენობა პოლიციის კორდონებით იყო გარშემორტყმული.
დასკვნით დებატებზე, შეთანხმების მიღების დღეს, პარლამენტის შენობის წინ 100-მდე დემონსტრანტი აპროტესტებდა საფრანგეთის მიერ შეთავაზებულ გეგმას.