ცენტრალური საარჩევნო კომისია სამოქალაქო „პლატფორმა 20/20“-ის დირექტორის, ლაშა ფარულავას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, "შუალედური არჩევნების წინ ცესკო-მ ბათუმის, რუსთავისა და გარდაბნის კომისიები "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარდგენილი პირებით დააკომპლექტა".
საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, მათთვის მიუღებელია მათ წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების და შეურაცხყოფის ტირაჟირება. 5 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ცესკომ ლაშა ფარულავას განცხადება დეზინფორმაციად შეაფასა და განაცხადა, რომ შუალედური არჩევნების გამოცხადების მომენტიდან, საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეული ნაბიჯი მაღალი გამჭვირვალობით და საჯაროობით გამოირჩეოდა.
„ბატონმა ფარულავამ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესს უწოდა ფორმალური და განაცხადა, რომ კონკურსი „ვერ აკმაყოფილებს მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტებს“. თუმცაღა, მასაც რომ ედევნებინა გასაუბრებებისთვის თვალი, გაიგებდა, რომ ცესკო-ს წევრებმა კონკურსანტების შერჩევისას იხელმძღვანელეს მათი პროფესიონალიზმით, კომპეტენციით, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, არაერთ მათგანს აქვს საარჩევნო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება და ისეთი ცოდნა, რომელიც შუალედური არჩევნების კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩატარებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებენ ცესკოში.
პლატფორმა 20/20-ის მტკიცებით, ბათუმში, ცესკომ კომისიის დროებით წევრად აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის საქმის ოქროს მოწმე, ზაალ ზაალიშვილი აირჩია.
5 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ ცესკოს გადაწყვეტილებით, დანიშნულები არიან პირები, რომლებიც შემჩნეული არიან წლების განმავლობაში არჩევნების ფალსიფიკაციასა და მანიპულაციაში:
„მათ დავალებული აქვთ კონკრეტული სპეცოპერაციის ჩატარება და ძალაუფლების გამტკიცება "ქართული ოცნებისთვის". კონკურსი მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს“.
ცესკო მოუწოდებს „პლატფორმა 20/20“-ის ლიდერს კონსტრუქციულობისა და ეთიკის ნორმების დაცვისკენ და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.