ვენაში 27 დეკემბერს განახლდება ირანთან მიმდინარე მოლაპარაკება, რომელიც მიზნად ისახავს 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენას - განაცხადა ევროკავშირის კოორდინატორმა, ენრიკე მორამ.
"ვენის მოლაპარაკება განახლდება ორშაბათს, 27 დეკემბერს. ... ერთობლივი კომისია შეხვედრას გამართავს და სამომავლო კურსს დაადგენს", - წერს მორა 23 დეკემბერს ტვიტერზე.
აშშ მიმდინარე მოლაპარაკებებში ირიბი ფორმით მონაწილეობს. ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2018 წელს თავისი ქვეყანა ხელშეკრულებიდან გაიყვანა და ირანს მკაცრი ეკონომიკური სანქციები აღუდგინა. თეირანმა, პასუხად, თანდათან გააძლიერა თავისი ბირთვული პროგრამა და ურანის გამდიდრების პროცესი, ხელშეკრულებით დადგენილი საზღვრების მიღმა. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიანიშნებს, რომ დაუბრუნდება ხელშეკრულებას, თუკი ირანი მის პირობებს უერთგულებს. ხელშეკრულებით შეიზღუდა ირანის ბირთვული პროგრამა, ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.
შეხვედრებზე ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვენაში მიმდინარე მოლაპარაკება "სწრაფად აღწევს დასასრულს". ისინი იმედგაცრუებას გამოთქვამენ თეირანის მხრიდან ბოლო კვირებში წამოყენებული ახალი პირობების გამო, თუმცა "გარკვეულ ტექნიკურ პროგრესზეც" მიანიშნებენ.
ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის მთავრობის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა მიმდინარე კვირაში თქვა, რომ 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის მიზნით ამჟამად მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა შესაძლოა "რამდენიმე კვირაში" ამოიწუროს.