ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ საქართველოში მომავალი სამი თვის განმავლობაში წლიური ინფლაცია უფრო მაღალი იქნება. ამის შესახებ მან პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა.
"ჩვენ გვაქვს პროგნოზი, რომ მარტის თვიდან წლიური ინფლაცია [დაიწევს]... ახლა არის 12,5 პროცენტი წლიური ინფლაცია ნოემბრის ბოლოს. პროგნოზია, რომ დეკემბერში, იანვარში, თებერვალში ამაზე მაღალი იქნება წლიური ინფლაცია იქედან გამომდინარე, რომ შარშან ამ პერიოდში სუბსიდია განხორციელდა, რომელმაც შეამცირა ინფლაცია. აქედან გამომდინარე მოხდება ამის დამატება. გარდა ამისა, მეთოდოლოგიის გამო კიდევ დაემატება 1,3 პროცენტი. ამის შემდეგ იქნება მნიშვნელოვანი შემცირება", - თქვა კობა გვენეტაძემ.
მისივე გამოთვლით, მონაცემები შემდეგი წლიდან გაუმჯობესდება. მისი თქმით, 2022 წელს საშუალო ინფლაცია 7,2 პროცენტი იქნება, წლის ბოლოს კი - 3,4 პროცენტი.
მაღალი ინფლაციის გამო, ეროვნულმა ბანკმა 100 ათასზე მეტ ადამიანს სესხის პროცენტი მხოლოდ ბოლო ერთ წელში 2,5 პროცენტით გაუძვირა.