საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი კიდევ უფრო დასუსტდა. მისი თქმით, სააკაშვილი მზადაა ეჭვების გამოსარიცხად გორის ჰოსპიტალში, შესაძლებლობის შემთხვევაში, განუსაზღვრელი რაოდენობის ჟურნალისტები მიიღოს.
"დღეს მიხეილ სააკაშვილი არის მზად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი რაოდენობის ჟურნალისტები მიიღოს პალატაში საჯაროდ, კამერების თანდასწრებით, რათა ეჭვი გაქრეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, თითქოს რაღაც მისტიკური ინსიმულაციები(ადვოკატის თანახმად, იგულისხმება ინსინუაციები) ხდება და საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა იხილოთ მისი მდგომარეობა", - თქვა თუთბერიძემ.
თითქმის ერთი თვე ხდება, რაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მანამდე ის 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სწორედ შიმშილობის შემდეგი მკურნალობისთვის გადაიყვანეს ის გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან გორში.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ამ დროიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.
სააკაშვილს საქართველოს სასამართლოებმა გირგვლიანის მკვლელების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. მას პროკურატურამ კიდევ რამდენიმე საქმეზე წაუყენა ბრალი: 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლისა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაზე - ე.წ. პიჯაკების საქმეზე. კიდევ ერთი ბრალი მას საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთისთვის წაუყენეს.