შაბათს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა მასობრივი საპროტესტო აქცია. იგი მიმართული იყო მთავრობის იმ გეგმის წინააღმდეგ, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან ავსტრიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას აპირებს.
„ჩემი სხეული, ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი გადაწყვეტილება“, „თავისუფლება ყველასთვის, ვაქცინაციის იძულების გარეშე“, - ასეთი მოთხოვნები ჰქონდა ვენაში გამართულ მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციას, რომელშიც სააგენტო როიტერის თანახმად რამდენიმე ათასი ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას.
იმის გამო, რომ ქვეყანაში სწრაფად ვრცელდება COVID-19-ის ვირუსი და საავადმყოფოები გადავსებულია დაინფიცირებული პაციენტებით, ავსტრიის ხელისუფლებამ 22 ნოემბრიდან ქვეყანაში სამკვირიანი საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა და მიიღო დადგენილება 2022 წლის თებერვლიდან სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების თაობაზე.
ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატით სრულად არის ვაქცინირებული ავსტრიის მოსახლეობის დაახლოებით 66%-ი, რაც დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია.
ბევრი ავსტრიელი სკეპტიკურად არის განწყობილი ვაქცინაციის მიმართ და იგივე მიდგომას ემხრობა ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტია, რომელშიც ქვეყნის პარლამენტში სიდიდით მესამე პოლიტიკური ძალაა.