გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფ საქარველოს მესამე პრეზიდენტს შეხვდა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე. როგორც ის ამბობს, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და არ იღებს არავითარ დანამატსა და მედიკამენტებს.
დეპუტატმა ილაპარაკა პირობების შესახებ, რომელიც დაწესებულებაში სამედიცინო თვალსაზრისით არის შექმნილი.
„მიხეილ სააკაშვილი არის მოთავსებული პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცენტრში, მაგრამ იმ ადგილს, სადაც ის არის მოთავსებული, არავითარი საერთო სამედიცინო დაწესებულებასთან არ აქვს. ის არის მოთავსებული სულ სხვა ფლიგელში, იქ არ არის არავითარი სამედიცინო აპარატურა, სიცოცხლის პარამეტრების შესანარჩუნებლად აუცილებელი აპარატურა. როგორც ჩვენ გამოვკითხეთ, მას მხოლოდ და მხოლოდ არტერიული წნევის გაზომვა შეუძლია. რუსთავის დაწესებულებაში უფრო მეტ სამედიცინო დახმარებას იღებდა, ვიდრე აქ“, - აღნიშნა მან.
ხატია დეკანოიძემ მედიას გააცნო სააკაშვილის პოზიცია მისი გადაყვანის შესახებ, რომელიც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. „მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ იმ კადრებში, რომლებიც გავრცელდა, ამოჭრილია, კონკრეტულად ის მონაკვეთი, როდესაც მას შეურაცხყოფას აყენებს სასჯელაღსრულების დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი. ცნობილი გამოთქმა („ჩვენ ხელში ჩაგვივარდი, ჩიტო“) ამოჭრილია“, - თქვა დეპუტატმა.
დეკანოიძის თქმით, სააკაშვილი ნერვიულობს პარტია „დროა“-ს ლიდერ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე. „დამაბარა ელენესთან, რომ მას არ უნდა, ელენე შიმშილობდეს. მას სთხოვს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა“, - აღნიშნავს პარლამენტის წევრი.
ელენე ხოშტარია კი აცხადებს, რომ სამოქალაქო მჯულტიფუნქციურ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე, არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამ დროიდან შიმშილობს. პენიტენციურმა სამსახურმა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, 8 ნოემბერს ის რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.
სააკაშვილის რუსთავიდან გლდანში გადაყვანის კადრები პენიტენციურმა სამსახურმა დღეს, 11 ნოემბერს გაავრცელა.