ყატარის მაღალი რანგის წარმომადგენელმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის აღიარების საკითხი არაა პრიორიტეტული.
„ჩვენი აზრით, [აღიარება] არ არის პრიორიტეტი. ახლა, ამ წუთას, უფრო პრიორიტეტულია ჰუმანიტარული საკითხები, განათლება, მგზავრების თავისუფალი გადაადგილება,“ განაცხადა თალიბანის საკითხებში ყატარის საგარეო საქმეთა სპეციალურმა წარმომადგენელმა მუტლაყ ალ-ყაჰთანიმ დოჰაში, უსაფრთხოების საკითხების ფორუმზე.
დოჰაში დღეს იმართება თალიბანის დელეგაციის შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ავღანეთის მოქმედი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამირ ხან მუტაყიმ ამ შეხვედრის შესახებ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც თალიბანმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველი შეხვედრა გამართა აშშ-ის წარმომადგენლებთან.
12 ოქტომბერს იტალია მასპინძლობს „დიდი ოცეულის“ შეხვედრას, რომელიც ვირტუალურად იმართება. სამიტის წინ ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირი დამატებით 700 მილიარდ ევროს გამოუყოფს ავღანეთსა და მის მეზობლებს საგანგებო დახმარების სახით. მაგრამ მან დასძინა, რომ ჯერ თალიბანმა უნდა შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები, მათ შორის - კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, ინკლუზიურობისა და ჰუმანიტარული წვდომის საკითხებში.