„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ აღნიშნავს, რომ აქვს მოლოდინი იმისა, რომ მმართველი პარტია 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს გააყალბებს.
„მოხდება ტოტალური, სამარცხვინო გაყალბება ამ არჩევნების - ჩაყრა ბიულეტენების, ცემა-ტყეპა და ყველაფერი ეს გვაქვს წინ ამ დღეებში. ამას გარდაუვლად მოჰყვება ახალი არჩევნები. ეხლა ისეთი პოლიტიკური ატმოსფეროა ქვეყანაში, ისეთი კრიზისია, რომ აქედან გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია და ეს ცირკი, რა ცირკიც შექმნა გაყალბებული არჩევნების გზით „ქართულმა ოცნებამ“ ამ პარლამენტის სახით, უნდა დამთავრდეს. დავიწყოთ სერიოზული ფიქრი ამ ქვეყანაზე და ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაზე“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა „დღის საუბრებში“. გადაცემაში მან თქვა, რომ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას ისურვებდა, სადაც არჩევნებისადმი რწმენა არსებობს და ამომრჩევლის ხმა ზუსტად იმ პარტიასთან მივა, ვისაც ხმა მისცა.
„სამწუხაროდ ამის გარანტიას ვერ ვაძლევთ ამომრჩეველს იმიტომ, რომ მე არა ვარ სამწუხაროდ ხელისუფლება. მე რომ ვიყო ხელისუფლება, სხვა კლიმატი იქნებოდა ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა, რომელმაც გადაცემაში "პატრიოტთა ალიანსის" რუსეთთან ურთიერთობის თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აგენტად მხოლოდ იმის გამო აცხადებენ, რომ მშვიდობა უნდა:
„ეს არის ქვეყანა, სადაც აგენტად და ჯაშუშად მხოლოდ იმის გამო გაცხადებენ, რომ შენ გინდა მშვიდობა შენი ქვეყნისთვის და მზად ხარ დიალოგისთვის სოხუმთან, ცხინვალთან, მოსკოვთან. ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას, მიუხედავად იმისა, რომ არის ამდენი დარტყმა და ამდენი ცილისწამება და ამდენი შეურაცხყოფა. გავაგრძელებთ იმიტომ, რომ ეს სჭირდება ჩვენს სამშობლოს და სულ არ მაინტერესებს, ვინ აგენტს დამიძახებს, ვინ ჯაშუშს და ვინ კიდევ იმას დამაბრალებს, რომ მოსადი ან რომელიმე სპეცსამსახური რაღაცა ფულს მიგზავნის და მაფინანსებს. ჩვენი, "პატრიოტთა ალიანსის" მთავარი გეზი ეს არის საქართველოს ინტერესები. მე და ჩემს გუნდს ამ ინტერესებისთვის არასდროს გვიღალატია“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა „დღის საუბრებში“.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც 2 ოქტომბერსაა დაგეგმილი, 43 საარჩევნო სუბიექტუ ღებულობს მონაწილეობას. "პატრიოტთა ალიანსი" ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში იქნება წარმოდგენილი.