პარტიის „ხალხისთვის“ ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი თბილისის საკრებულოში და საარჩევნო სიის პირველი ნომერი ალექსანდრე რატიშვილი რადიო თავისუფლების „დღის საუბრებში“ ამბობს, რომ „ხალხისთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „გარკვეულ შედეგებს დადებს“. გადაცემაში ალექსანდრე რატიშვილმა გამოთქვა რწმენა, რომ პარტიას ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება:
„ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ის პროცენტი, რომელიც საჭიროა არათუ ბარიერის გადალახვისთვის, არამედ ცოტა მეტიც, ჩვენ გარანტირებულად გაგვაჩნია. პირველ რიგში ხაზს გავუსვამ - ეს არის ქალბატონი ანა დოლიძის პირადი რეიტინგზე დამყარებული. ამ წუთას ასეა, მაგრამ ამოცანაც ეგ არის, რომ ჩვენი სახით მის გარშემო შემოვიკრიბოთ კვალიფიციური, საქმის ერთგული და სახელმწიფოზე მზრუნავი ადამიანები“, - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა, რომლის თქმითაც, 3 თვის წინ შექმნილ პარტიას, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე მწირი ფულადი და ადამიანური რესურსებით უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმატებისთვის ბრძოლა, თუმცა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პარტია შედგეს და მომავალი არჩევნებისთვის ანგარიშგასაწევ ალტერნატივად ჩამოყალიბდეს.
„ვფიქრობ, წინ ძალიან ბევრი საინტერესო პროცესი გვაქვს და ჩვენ, ჩვენი გუნდი, ანას გარშემო შეკრებილი გუნდი, სინთეზი ახალგაზრდების და გამოცდილი ადამიანების, კარგ შედეგს ჰპირდება ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის მოსახლეობას, თუ ისინი გადაწყვეტენ თამამად სიახლისთვის ხმის მიცემას“, - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა „დღის საუბრებში“. მისი თქმით, ცვლილებები ქვეყნისთვის სასიცოცხლო აუცილებლობაა და იგი არ გულისხმობს ერთი პოლიტიკური პარტიის შეცვლას მეორეთი:
„მე ვგულისხმობ ფუნდამენტურ, სასიცოცხლო, სისტემურ ინსტიტუციონალურ რეფორმირებას. პოლიტიკური სისტემით დაწყებული, მთელი ქვეყანა ამოსატრიალებელია და თავიდან დასალაგებელი და ასაწყობია. ეს არის ჩემი აზრი და მე ამ პარტიაში ვხედავ იმ ძალას, რომელიც სამომავლოდ ზუსტად ამას შესთავაზებს ხალხს“, - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში სულ 43 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. თბილისში, ვაკის რაიონის მაჟორიტარობისთვის 14 პარტიის კანდიდატები იბრძოლებენ.