„საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმის საქმეზე დაკავებულის ოჯახმა კერძო ადვოკატი აიყვანა. 49 წლის შალვა მელიქიშვილის ინტერესებს ლეილა გარსევანიშვილი დაიცავს. ცოტა ხნის წინ ადვოკატი თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში მივიდა.
„დღეს პირველად უნდა შევხვდე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, შესაბამისად, არ ვიცი მისი პოზიცია. ბრალის წარდგენა ალბათ ხვალ მოხდება და საქმის მასალებიც ხვალ გადმომეცემა. როგორც ვიცი, ბრალდების მხარე მტკიცებულებებს აგროვებს", - განაცხადა ადვოკატმა ლეილა გარსევანიშვილმა.
„საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული 49 წლის შალვა მელიქიშვილია. ის ქალაქ თელავში ცხოვრობს და წლების განმავლობაში მუშაობდა უფროს მზარეულად.
მისი დამსაქმებლის, შოთა დემინაშვილის ინფორმაცით, დაკავებული ბოლო დროს ალკოჰოლდამოკიდებული იყო და არაადეკვატურად იქცეოდა.
შალვა მელიქიშვილი 9 სექტემბერს, სამართალმცველებმა 4-საათიანი სპეცოპერაციის დროს განაიარაღეს და დააკავეს. გამოძიების ვერსიით, შეიარაღებულმა შალვა მელიქიშვილმა, დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში 13 პირი მძევლად აიყვანა.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.
მელიქიშვილი ამ დროისთვის თელავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.