დღეს ომია და ამ ომში გამარჯვებული არის ის, ვინც მტერს იარაღით, ცოდნით და გონიერებით დაუპირისპირდება. ეს იარაღიამ ომში არის ვაქცინა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მან მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
“მინდა მოწოდებით დავიწყო, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, გადავარჩინოთ ჩვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლე, დავიცვათ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ამისთვის კი მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზა არსებობს, ეს არის ვაქცინაცია. დღეს ომია და ამ ომში გამარჯვებული არის ის, ვინც მტერს იარაღით, ცოდნით და გონიერებით დაუპირისპირდება. ეს იარაღი ამ ომში არის ვაქცინა. იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების გონიერების, რაც ჩვენი პატარა ერის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი ღერძია. მხოლოდ საფრთხეების რეალური გაცნობიერებით შევძლებთ ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდეთ. ავიცრათ, რათა დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა, სიცოცხლის უსაფრთხოება და რა თქმა უნდა, ჩვენი შვილები, დედები, მამები, ბებიები და ბაბუები. ამიტომ, ყველას მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, გადარჩენის ერთადერთი გზა ამ რთულ ვითარებაში, რასაც მთელი მსოფლიო ებრძვის, ამ უხილავ მტერს, რომელსაც კოვიდ 19 ჰქვია, ერთადერთი გამოსავალი და შესაძლებლობა არის აცრა. ჩვენ ვაქცინაციის ყველანაირი საშუალება გვაქვს, კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ვთხოვო, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა“,-განაცხადა კალაძემ.