ბელარუსული და რუსული მასმედია ავრცელებს პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ მინსკში 9 აგვისტოს გამართული მასშტაბური პრესკონფერენციის მასალებს, რუბრიკით “დიდი საუბარი პრეზიდენტთან”, რომელშიც ჟურნალისტები, პოლიტოლოგები, საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ბელარუსის ლიდერს ჰკითხეს – იქნებ ღირდეს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებმა მოილაპარაკონ “ერთად გადასარჩენად” და რაღაც გაერთიანება შექმნან, საბჭოთა კავშირის ან ევროკავშირის მსგავსი.
რადგანაც ეს კითხვა ქართველი საზოგადოების წარმომადგენლის, პარტია “ნეიტრალური საქართველოს” თავმჯდომარის – ვალერი კვარაცხელიას მიერ იყო დასმული, ალექსანდრე ლუკაშენკომაც პასუხის
– გაცემა საქართველოს მაგალითით დაიწყო:
“საქართველო და უკრაინა ჩემი “თავისტკივილია”… საბჭოთა პერიოდში აფხაზეთში არაერთხელ ვარ ნამყოფი, თუმცა სამხრეთ ოსეთში – არცერთხელ… ბევრი ადგილი მქონდა ნანახი, თბილისის გარდა… ქართველები “ვოლგებით”, ლამაზი გოგონები… დიახ, რუსებს, ბელარუსებს, უკრაინელებს ქართველების ყოველთვის შურდათ. მე არაფერს ვამბობ მიღწევებზე – საქართველო ამ მხრივ აყვავებულ ოაზისს წარმოადგენდა… მაგრამ რაც იქ შემდეგ მოხდა, ამას წინათ ჩემი თბილისში ვიზიტის დროს ვნახე”, – პრეზიდენტმა მცირე ხნით პაუზა გააკეთა და გააგრძელა:
“იცით, გაოცებული დავრჩი საქართველოში ვიზიტის დროს… არ ვიტყვი, რატომაც. მე ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს საქართველოს და ქართველების მიმართ. არის სუბიექტური და ობიექტური მიზეზებიც, მაგრამ ყველაფრიდან დასკვნები უნდა გაკეთდეს, ვიდრე გვიან არ არის. ჩვენ უკვე გადავაბიჯეთ წითელ ხაზებს და სანამ კუთხეში არ ვართ მიმწყვდეულები, დროა, უკან დაბრუნებაზე [ერთად ცხოვრებაზე] ვიფიქროთ. ეკონომიკით უნდა დავიწყოთ, რომ ხალხმა უკეთესობა იგრძნოს.
თბილისში ვიზიტით ყოფნისას, როცა ქვეყნის იმდროინდელ პრეზიდენტთან – გიორგი მარგველაშვილთან ერთად ვსეირნობდი ქუჩაში, შევამჩნიე, რომ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით – ახალგაზრდები, უფრო თავისუფლად ლაპარაკობენ ინგლისურ ენაზე, ვიდრე – რუსულად. ისინი ჩემთან შეხვედრისას რუსულად კი არა, ინგლისურად ლაპარაკობდნენ, თარჯიმანი დამჭირდა, რაღაც რომ გამეგო. მე ამის შესახებ ვლადიმერ პუტინსაც მოვუყევი. ეს უკვე კატასტროფაა და სულ უფრო უარესი იქნება. მე, უბრალოდ, ენის საკითხი მაგალითისათვის ვახსენე. ალბათ, უკან დაბრუნება მოგვიწევს… თქვენ მართალი ხართ: ბელარუსი, რუსეთი, ყაზახეთი და ევრაზიული ქვეყნები მაგიდასთან უნდა დავსხდეთ და გავარკვიოთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ. ვფიქრობ, ეკონომიკით უნდა დავიწყოთ. საქართველომ ჩვენ შორს ჩამოგვიტოვა.
“მე თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს და პეტრო პოროშენკოს ვთხოვე, რომ დსთ-დან არ გასულიყვნენ. ვუთხარი, რომ ეს არ გაეკეთებინათ. გამოსვლა ადვილია, მაგრამ უკან დაბრუნება ძნელი იქნება-მეთქი. სამწუხაროდ, მათ არ მომისმინეს”, – სინანულით აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ და კვლავ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, დსთ-დან გასულმა ქვეყნებმა ისევ უკან დაბრუნება მოისურვონ, რადგან მათ “დასავლეთში არავინ ელოდებათ”.
“არა იმიტომ, რომ დასავლეთი მავნებელია ან აგრესორი… ყველაფერი ეკონომიკიდან და ხალხის ცხოვრებიდან გამომდინარეობს. იქ თავიანთი ეკონომიკა აქვთ, თავიანთი ბაზარი. ისინი საჭიროზე მეტ პროდუქციას აწარმოებენ და სადღაც ხომ უნდა გაასაღონ? მათ ბაზარი სჭირდებათ ანუ ჩვენ მათთვის მხოლოდ პროდუქციის გასაღებისა და იაფი მუშახელის ბაზარი ვართ”, – განმარტა პრეზიდენტმა.
ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, “არ მინდა, რომ ბელარუსებმა პოლონეთში ჟოლოს საკრეფად იაფი მუშახელის სახით იარონ. ვინ მუშაობს პოლონეთში ჟოლოს საკრეფად, წელში წახრილი და მაპატიეთ, უკანალაშვერილი? მუშაობენ მხოლოდ უკრაინელი გოგონები. მე კი არ მინდა, რომ იქ ბელარუსი გოგონებიც წავიდნენ. უკეთესი იქნება, ჟოლო აქ მოვაშენებინო და ჩვენმა ქალებმა აქ, ჩვენთან იმუშაონ”, – დაასკვნა პრეზიდენტმა.ალექსანდრე ლუკაშენკომ ილაპარაკა ბელარუსის მიერ ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებაზეც: მან დაიმოწმა რუსი ექსპერტები, რომლებიც ამ კითხვას რეგულარულად იმეორებენ რუსული ტელეარხების ეთერში: “როცა ბოლო რუსი ოლიგარქი ყირიმს რუსეთის ნაწილად ჩათვლის და იქ თავის პროდუქციას გაყიდის, მე ჩემს სიტყვას სწორედ მაშინ ვიტყვი”, – თქვა პრეზიდენტმა. ქართველმა ჟურნალისტმა კი მას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ბელარუსმა აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობა არ აღიარა.