უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის და დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების უკრაინის კონტროლქვეშ დაბრუნება „დროის საკითხია“. უკრაინის რუსულენოვანი ტელეარხის, „დომისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყირიმი „არასოდეს იქნება რუსეთის ტერიტორია“.
ვიდეოფრაგმენტი, რომელშიც ყირიმზეა საუბარი, ზელენსკის Telegram-ის არხზე გამოქვეყნდა. „ადამიანებს, რომლებმაც მოახდინეს ოკუპაცია, არასოდეს ეყვარებათ ყირიმი ისე, როგორც ჩვენ“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. მან ყირიმს „თავისი მიწა“ უწოდა და გაიხსენა ახალგაზრდობაში ნახევარკუნძულზე მოგზაურობები. ზელენსკის თქმით, რუსეთის ხელისუფლება ვერ შეძლებს ისტორიის ხელახლა დაწერას, კერძოდ, ყირიმელი თათრები არასოდეს შეეგუებიან ანექსიას. უკრაინის პრეზიდენტის აზრით, ყირიმის მოსახლეები ადრე თუ გვიან „დაბრუნდებიან შინ“.
რუსეთმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია. უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ჩამოგდების შემდეგ რუსეთმა ნახევარკუნძულზე ჯარები შეიყვანა და სამხედრო კონტროლის პირობებში ჩაატარა რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმი. უკრაინა და მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა არ აღიარებენ ანექსიას. რუსეთის ხელისუფლება აქტიურად იყენებდა „შინ დაბრუნების“ ლოზუნგს და აცხადებდა, რომ ყირიმი რუსეთის ძირძველი მიწაა, 1954 წელს უკრაინის სსრ-ისთვის მისი გადაცემა კი უკანონო იყო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ყირიმის საკითხი არ შეიძლება „დახურულად“ იქნეს მიჩნეული.