საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ აშშ მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვით 15 დაკავებული პირის გათავისუფლების სანაცვლოდ სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა. ჟურნალისტებთან საუბარში ელჩმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არის ამაყი იმით, რომ შეძლო მხარი დაეჭირა პროცესისთვის:
„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არის ძალიან ამაყი იმით, რომ შეძლო მხარი დაეჭირა ამ ძალისხმევისთვის და ენახა წარმატებული შედეგი. ეს ფაქტი რა თქმა უნდა არის მნიშვნელოვანი გზავნილი იმისა, რომ საჭიროა რეგიონის სტაბილურობა და საჭიროა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რათა ეს ხანგრძლივი კონფლიქტი დასრულდეს“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ჟურნალისტებთან კომენტარში ელჩმა ყურადღება გაამახვილა ასევე საქართველოს წვლილზეც:
„რა თქმა უნდა, ეს აქტი ხელს უწყობს რეგიონში უფრო მეტ სტაბილურობას. ჩვენ მადლიერები ვართ საქართველოსი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ამ პროცესში გაწეული წვლილის გამო. ეს არის მაგალითი იმისა, რა შეიძლება გაკეთდეს, როცა სამი ქვეყანა ერთად მუშაობს რეგიონის სტაბილურობისთვის. ეს, რა თქმა უნდა, გულისხმობს რეგიონის კეთილდღეობასაც“, - აღნიშნა ელჩმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის ჩართულობით, დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემის სანაცვლოდ, აზერბაიჯანმა სომხეთთან კონფლიქტის დროს დაკავებული 15 მოქალაქე გაათავისუფლა. ისინი საქართველოს ტერიტორიის გავლით სახლებში დაბრუნდნენ.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობით და პროცესებში საქართველოს მნიშვნელოვანი მონაწილეობით, განსაკუთრებული ნაბიჯი გადაიდგა სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს საქართველოს უშუალო მეზობლებს შორის დაძაბულობის შემდგომ შემცირებას“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 12 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა.
44-დღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან.
10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები.
მხარეთა შეთანხმებით მალევე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველსაყოფად რუსეთის 2000-კაციანი სამხედრო ძალა შევიდა.