ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატიდან გავრცელებულ ვიდეოჩანაწერების შესახებ განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ. მისი შეფასებით, „კადრები შეიცავს არასრულწლოვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციასა და ბავშვების უფლებების დარღვევას".
„არასრულწლოვნების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერებთან დაკავშირებით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებას, მათ შორის, მედიას, არასრულწლოვანთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია გაშუქდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით.
„ფეისბუკის" გვერდზე, რომელზეც წლების განმავლობაში ქვეყნდება მთავარეპისკოპოს სპირიდონის საქმიანობა, დღეს, 4 ივნისს გამოქვეყნდა ბენეფიციარი ბავშვების ამსახველი ვიდეოკადრები.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის შესწავლა.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცნობით, ნინოწმინდის პანსიონატის დატოვების სურვილი 16-მა ბავშვმა გამოთქვა.
ორი დღის წინ, ნინო ლომჯარიამ სამართალდამცავი უწყებებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განაცხადა, რომ 4 გამოძიებაა დაწყებული ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე,
3 ივნისს რადიო თავისუფლებას პანსიონში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე უამბო 19 სლის ბიჭმა, რომელმაც პანსიონი 15 წლის ასაკში დატოვა.