საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა ცერემონია, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.
სასახლეში იმყოფებიან და შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს დოკუმენტს ხელს აწერენ „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილი, „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძე, „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“ ზურაბ ჯაფარიძე, „ევროპული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, „ლელოდან“ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
დოკუმენტს ხელს ინდივიდუალურად აწერს ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი.
ღონისძიებაზე „ქართულ ოცნებას" წარმოადგენენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლეესობის წევრი შალვა პაპუაშვილი.
„მივესალმები ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს, მინდა მოგესალმოთ თქვენ [ოპოზიციის ლიდერებს], გისურვოთ მობრძანება ამ სასახლეში, ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს შესაძლებლობა გვექნება აწი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე ყველასთვის, მე მგონი ახალი საწყისი ყველასთვის. მშვიდობიანი და საქმიანი საწყისი იმისათვის, რომ ჩვენ მართლაც დავძლიოთ ყველა ის გამოწვევები და ბევრი არის ის გამოწვევები, რორმელიც ჩვენ გველოდება“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ღონისძიებას დისტანციურად ადევნებს თვალს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.