ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან, ნიკოლაი პატრუშევთან განიხილა ორმხრივი ურთიერთობები, "რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის საკითხები", ისევე, როგორც სამიტის გამართვის შესაძლებლობა ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის.
სალივანმა და პატრუშევმა 19 აპრილს ისაუბრეს ტელეფონით და შეთანხმდნენ, რომ კონტაქტს შეინარჩუნებენ - აცხადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანი, ემილი ჰოურნი.
მანამდე, კრემლმა გამოაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აპირებს მიმდინარე კვირაში სიტყვით გამოვიდეს კლიმატის ცვლილებების შესახებ დაგეგმილ ინტერნეტ-სამიტზე, რომლის ორგანიზატორიც აშშ-ა.
პატრუშევმა და სალივანმა "იმსჯელეს მზადებაზე" სამიტისთვის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და აშშ-ის პრეზდიენტ ჯო ბაიდენს შორის, ისევე, როგორც "რუსეთ-აშშ-ის თანამშრომლობის განვითარების შესაძლო მიმართულებებზე" - რუსეთის უშიშროების საბჭოს ამ განცხადებას რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
ორმხრივი კავშირების განსახილველად რუსეთის ლიდერთან პირისპირ შეხვედრის წინადადებით ბაიდენი გამოვიდა. პუტინს ჯერჯერობით არ უთქვამს, დათანხმდება თუ არა მიწვევას.
გასულ თვეში ბაიდენმა პუტინი და მსოფლიოს სხვა ლიდერები მიიწვია კლიმატის საკითხებზე დაგეგმილ ვირტუალურ სამიტზე, რომელიც 22-23 აპრილს არის დაგეგმილი. მაგრამ, მას შემდეგ, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კავშირები დაძაბულობის ახალ ფაზაში შევიდა.
ბაიდენმა გამოაცხადა სადამსჯელო სანქციები კიბერთავდასხმებისთვის და არჩევნებში ჩარევისთვის. ვითარება კიდევ უფრო მეტად დაამძიმა, და სამიტზე პუტინის გამოსვლის შესახებ დამატებითი კითხვები გააჩინა ისეთმა საკითხებმა, როგორებიცაა პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გაუარესებული ჯანმრთელობა, უკრაინის საზღვართან და ყირიმში რუსეთის სამხედროების რაოდენობის ზრდა და ჩეხეთის რესპუბლიკაში, ამუნიციის დეპოში 2014 წელს მომხდარი სისხლიანი აფეთქება.