"ლელო საქართვეოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მმართველ პარტიასთან ორ საკითხზეა შეთანხმება დარჩენილი - ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების თემა. ასე გამოეხმაურა ხაზარაძე "ქართული ოცნების" მხრიდან მზაობას, ხელი მოაწეროს "დანიელსონის შეთანხმებას".
"ოცნებამ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს... ამიტომ დარჩა ბოლო რაუნდი ორი პუნქტის შესათანხმებლად, აქ აუცილებელია ბნ. დანიელსონის მონაწილეობა, რათა მოხდეს საბოლოო შეთანხმება და დოკუმენტზე ხელმოწერა", - წერს ხაზარაძე ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.
"დანიელსონის შეთანხმების" არსებულ ვერსიას ხელს არ აწერენ "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "გირჩი - მეტი თავისუფლება". "სტრატეგია აღმაშენებელში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ საკითხს პარტიასა და ოპოზიციურ ერთობაში განიხილავენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ შეთანხმებისთვის აუცილებელია ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხის გადაჭრა.
დღეს "ქართული ოცნება" საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ამის შესახებ მედიას საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისი თქმით, დოკუმენტის ხელმოწერაზე მზადყოფნა „ქართულმა ოცნებამ“ დიალოგის დასკვნით ეტაპზევე გამოხატა, თუმცა აქამდე ხელი არ მოაწერა, რადგან ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და ელჩების დამატებით კონსულტაციებს ელოდებოდნენ:
„გადაწყვეტილება ევროკავშირის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების შესახებ მივიღეთ საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ნდობის განმტკიცებისთვის, რომ არ დარჩეს კითხვები, ხომ არ იყო პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა გაშვებული ხელიდან „ქართული ოცნების“ მიზეზით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დანიელსონის მიერ მმართველი პარტიისა და ოპოზიციისთვის 31 მარტს ხელმოსაწერად შეთავაზებული დოკუმენტი შეიცავდა 5 საკითხს:
პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
მომავალი არჩევნები.